ბოლო ორ კვირაში საქართველოს ორ რეგიონში გამოცხადდა კარანტინი ცოფის გამო. რა ვიცით?
ცოფის შემთხვევები საქართველოში
დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კარანტინი გამოცხადდა.
ბოლო ორ კვირაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ცოფის გამო კარანტინის გამოცხადების. გასულ კვირას კარანტინი გამოაცხადეს ქვემო ქართლში, წალკაშიც, სადაც ოთხმა ქუჩის ძაღლმა ცოფით დაავადებული მელა დაგლიჯა.
ბოლო ერთი თვეა, ქვეყანაში უსახლკარო ცხოველების პოპულაციის შემცირების მოტივით, სახელმწიფო პერიოდულად რეიდებს აწყობს. ქუჩაში იჭერენ ძაღლებს და თავშესაფრებში გადაჰყავთ, ვაქცინაცია-სტერილიზაციის მოტივით. თუმცა, ხშირად, ყველა წაყვანილი ძაღლი ქუჩაში აღარ ბრუნდება. ამიტომ, ცხოველთა უფლებადამცველები ამ პროცესს უნდობლად უყურებენ. ამ ფონზე, მათ აეჭვებთ ბოლო პერიოდში თითქოსდა გახშირებული ცოფის შემთხვევებიც. არსებობს სკეპტიციზმი – ეს ინფორმაცია ხომ არ ვრცელდება შეგნებულად, სახელმწიფოს რეიდების გასამართლებად.
რა ვიცით გამოვლენილ შემთხვევებზე, რამდენად საშიშია ცოფი და როგორ უნდა მოვიქცეთ, საეჭვო ცხოველის კბენის შემთხვევაში. მოკლე გზამკვლევი.
მარტვილი, სოფელი ბანძა
ინფორმაცია სოფელ ბანძაში ცოფის დადასტურების შესახებ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა, 14 აპრილს.
ამ ინფორმაციის თანახმად, ცოფი დაუდასტურდა ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
ინფორმაციას, რომელიც უწყებამ გაავრცელა, თანდართული აქვს შემოწმების ოქმიც, როგორც ჩანს, იმ უნდობლობის გამო, რაც ბოლო პერიოდში ამ უწყების და ზოგადად, უსახლკარო ცხოველებთან დამოკიდებულების გამო სახელმწიფოს მიმართ არსებობს.

ამავე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას. დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი. ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში. მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლებსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდათ უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.
წალკა, ცოფით დაავადებული მელა
ქვემო ქართლში ცოფის შემთხვევის შესახებ, იგივე უწყებამ, მარტვილამდე ერთი კვირით ადრე, 6 აპრილს განაცხადა. მაშინ შემთხვევა განსხვავებული იყო.
სააგენტოს ინფორმაციით, წალკაში ცოფის შემთხვევა გარეული ცხოველის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა. საუბარია მელაზე, რომელიც უსახლკარო ცხოველებმა დაგლიჯეს.
იმ შემთხვევაშიც, როგორც მარტვილში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკაში კარანტინი გამოაცხადა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო.
უნდობლობა
„ეს ძაღლთ მოძულებმა მოიგონეს ალბათ, წალკაში უმეტესობას ეგ უნდა ქუჩიდან ძაღლების მოშორება . და თქვენც ხომ ეს გინდოდათ საქმე გაგიადვილდათ“
რატომ არ იყვნენ ეს ცუგოები აცრილები ცოფზე, ეს პროგრამა ხომ ძალიან დიდი ხანია მოქმედებს, ვისი ბრალია?
ეგ ხო ტყუილია, პანიკა რომ ატეხოთ და ცხოველების გაქრობა-დახოცვა “გააპრავოთ”
ცოფის ფონის შექმნა ძალიან ცუდი მოფიქრებაა – ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ კომენტარებიდან, რომელსაც მოქალაქეები წერენ ამ სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე, სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს, წალკის ამ გამოცდილების გამო გამოაქვეყნა მარტვილის შემთხვევაში, სურსათის სააგენტომ ცოფის დადასტურების დამადასტურებელი ოქმიც.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის 3 შემთხვევა.
რა არის ცოფი
ცოფი სასიკვდილო დაავადებაა, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ზომებს სიმპტომების გამოვლენამდე არ მივიღებთ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, ამ მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იღუპება. შემთხვევები უმეტესად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ცხოველთა ვაქცინაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.
დაავადებას ცოფის ვირუსი იწვევს. CDC-ის მიხედვით, ცოფის ვირუსი დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ან ტვინის/ნერვული სისტემის ქსოვილთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად გადადის. ეს დაზიანებულ კანზე ანდა ლორწოვან გარსებზე მოხვედრას გულისხმობს.
ცნობილია, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევათა 99% ძაღლებისგან არის შეძენილი.
სხვა გზებით გადადება, გარდა ნაკბენებისა და ნაკაწრებისა, ძალიან იშვიათია. შესაძლებელია ცოფის ვირუსის აეროზოლის სახით შესუნთქვა, თუმცა ამის საფრთხე უმეტესად მხოლოდ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს ექმნება.
როგორ მოვიქცეთ, თუ საეჭვო ცხოველმა გვიკბინა და ეჭვი ცოფზე გაგვიჩნდა
ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადებულის გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ზომები დაკაწვრიდან ან კბენიდან რაც შეიძლება მალე მივიღოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ცოფთან შესაძლო კონტაქტის დროს მთავარია ვირუსმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არ შეაღწიოს. თუკი ეს მოხდა, მკურნალობა შეუძლებელი ხდება.
ცოფის პროფილაქტიკისთვის ადამიანებს ურჩევენ, წყლითა და საპნით მოიბანონ დაზიანებული ადგილი მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართონ რაბიოლოგს და გაიკეთონ ვაქცინა.
რადგან ცოფით ადამიანის დაავადების ყველა შემთხვევა სიკვდილით სრულდება, აცრა აუცილებელია და ის ტარდება ყოველთვის – თანმდევი დაავადებების, ორსულობის, ლაქტაციისა და შესუსტებული იმუნური სისტემის ქონის დროსაც.
ცოფის შემთხვევები საქართველოში