მოსაზრება: ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი - რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა
ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიზნესცენტრში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არავის ჰგონია ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები, ამიტომ რაც ვნახეთ, ამაში სიახლე არაფერი ყოფილა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრით, ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძეს “პირველივე მოსახვევში” თავისი ადგილი მიუჩინა. პოლიტოლოგის თქმით, რეალურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანას რეალური პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია, რადგან ქვეყანას ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი მართავდა.
6 აპრილს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა. პროტოკოლური შეხვედრების მიღმა, კობახიძესა და ყაველაშვილთან, ამ ვიზიტის მთავარი ინტრიგა ივანიშვილთან შეხვედრა იყო. შეხვედრის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც “ქართული ოცნების” გვერდმა გამოაქვეყნა – უხმო კადრები შუშის სასახლიდან და ფორმალური, მშრალი ტექსტი.

გია ხუხაშვილი: “მძიმე სურათია, ეს პერსონაჟი [ირაკლი კობახიძე] უყურებს პოლიტიკურ მშობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეჯავრება, რადგან მის ჩრდილშია, იქიდან ვერ გამოდის და საკუთარ ნებას ვერ გამოხატავს, ამიტომ მისი სიძულვილი იზრდება. ბიძინას კი ვურჩევდი, რომ ფრთხილად იყოს, რაიმე აფექტის მდგომარეობაში კობახიძეს რაიმეზე ხელი არ წაუცდეს. არასტაბილური ადამიანია და სიძულვილის მიზეზიც აქვს – როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და თან იცოდე, რომ არარაობა ხარ.
შეხვედრას ოფიციალური პროტოკოლური სახე ჰქონდა, სადაც ჩანდა თუ ვინ იყო ამ ქვეყნის პატრონი. მაგრამ ირაკლი კობახიძე მათ უკან რატომ მიბლაყუნობდა? ყოფილიყო თავისთვის, როგორც პერსონალი. მაგრამ ამით ჩვენ ამერიკა ხომ არ აღმოგვიჩენია? მაგრამ აქ პრობლემა მარტო იმიტომ კი არ არის, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ გზას გადაუხვია და ავტორიტარულ გზას დაადგა, მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ იქ ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან და თანამდებობები უკავიათ, შესაბამისად ის არის გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელიც, ჩვენთან კი ბიძინამ შექმნა მოდელი – ის იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელი თავად არ არის.
მან საქართველოსგან ოფშორული კომპანია შექმნა და ნომინალურ პირზე გააფორმა, მაგრამ საბუთებში რომ ჩაიხედო, პატრონი სხვა ვიღაცაა, ამ შემთხვევაში ეს ვიღაც [პატრონი] ირაკლი კობახიძეა. საქართველო დღეს პოლიტიკური ოფშორია, რომელსაც ნომინალური დამფუძნებელი ჰყავს და რეალურად მართვის ბერკეტები შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს აქვს.
რაც “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი და რეალური პრემიერ-მინისტრი არცერთი არ ყოფილა, ყველას ჰქონდა სპეციფიკური ნაკლოვანება. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუ ვის ჰქონდა მოქმედების დიდი დიაპაზონი. ჩემი აზრით, ასეთი გახარიას ჰქონდა, რომელიც ძვირიც დაუჯდა.
3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ. ბიძინამ მათ დამოუკიდებლობის ილუზია შეუქმნა, შემდეგ წამოვიდა გზავნილები, რომ შეუძლიათ ბიძინას გარეშე მართვა. კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა, რომ „არა“ ეთქვა, მაგრამ შესაძლოა კობახიძეს ეყო ჭკუა.
ბიძინას ნება იყო, რომ გუშინდელი სურათი, სისტემისთვის ეჩვენებინა, თორემ ჩვენთვის რა შეიცვალა? ამით უნდოდა სისტემა დაერწმუნებინა, რომ არაფერი შეცვლილა და რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია.
სამყარო მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც ჩვენი სატრანზიტო დერეფანი უალტერნატივო ხდება, რატომ? – რადგან, ჩრდილოეთის მარშრუტი რისკების შემცველია, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია და ამის ფონზე სამხრეთ კავკასიური დერეფნის განვითარების მიმართ ინტერესი იზრდება. საქართველო და აზერბაიჯანი განუყოფელი კვანძია და ორივეს ერთიანი გეოპოლიტიკური ფუნქცია გვაკავშირებს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემს კი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ერთპიროვნული დომინირების სურვილი გაუჩნდა.
რადგან გვახსოვს, „3+3“ ფორმატზე აქტიური საუბარი იყო, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და პლუს სამი რეგიონული იმპერია – თურქეთი, ირანი და რუსეთი ანუ ამ სამ იმპერიას უნდა გამოეხატა თავიანთი ინტერესები და ამის გადანაწილება უნდა მომხდარიყო სამხრეთ კავკასიაში. დღევანდელი მოცემულობით კი ირანი თამაშიდან გავარდა, რუსეთს მზარდი გავლენა აქვს შენარჩუნებული საქართველოზე, მაგრამ გავლენა დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანზე.
ამ მდგომარეობით კი არ მგონია, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემმა პარტნიორად მიგვიწვიოს. ჩვენ დივიდენდების ამოღების შანსი დავკარგეთ. ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი არ გვაქვს, რომელიც ჩვენს ფასს გაზრდიდა. მარკო რუბიოს ზარის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრის თემა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა იყო.
ეს საკითხი დასავლეთისთვის პრობლემურია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში 3 NATO-ს წევრი ქვეყანაა, რუსეთი მაინც დომინირებს და არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსულ დომინირებას დააბალანსებდა.“