ქართული დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შვეიცარიამაც შეუჩერა
გაზიარება
გაზიარება
უვიზო მიმოსვლა შვეიცარიამაც შეაჩერა
შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა.
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, 3 აპრილიდან აღნიშნული ტიპის პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. გადაწყვეტილება 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღეს და ის დროებით, 12 თვის ვადით ამოქმედდება.
მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების უფლებას ინარჩუნებენ.
“ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა.
გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შვეიცარია, რომელიც შენგენის სივრცის ნაწილია, ვალდებულია საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებს მოარგოს. შედეგად, ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის წესში ცვლილებები შევიდა, რაც ახლა უკვე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსზეც აისახება.
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა 6 მარტიდან შეაჩერა. რეგულაცია თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი იყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ, გამკაცრებულ მექანიზმს.
ბრიუსელი გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების “მიზანმიმართულ და განგრძობად დარღვევას“ უკავშირებს.