შალვა პაპუაშვილი ალიანსის ანგარიშზე: პრობლემა NATO-შია
გაზიარება
გაზიარება
შალვა პაპუაშვილი NATO-ზე
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ NATO-ს 2025 წლის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი ალიანსის შიდა პრობლემებზე მიუთითებს და არა თბილისის პოლიტიკაზე.
ალიანსის ანგარიშში ნათქვამია, რომ მოკავშირეებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მათი შედეგების გათვალისწინებით გადახედეს საქართველოსთან თანამშრომლობას. დოკუმენტის მიხედვით, გადაიხედა თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები და ხელახლა განისაზღვრა პრიორიტეტები, მათ შორის არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. ამავე დროს, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა გაგრძელდა, რასაც მაისში ჩატარებული ერთობლივი წვრთნებიც ადასტურებს. ჩანაწერის მიხედვით, NATO-ს სამოკავშირეო ოფისი თბილისში აგრძელებს აქტიურ ჩართულობას სამხრეთ კავკასიის პარტნიორებთან.
კითხვაზე, ხედავს თუ არა მმართველი პარტია საკუთარ პასუხისმგებლობას აღნიშნულ შეფასებებში, პაპუაშვილი პასუხისმგებლობას თავად ალიანსს აკისრებს. მისი თქმით, NATO-მ უნდა შეაფასოს საკუთარი პოლიტიკა 2008 წლიდან მოყოლებული და ის, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქართველო და უკრაინა.
“ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა,“ — განაცხადა მან. პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე ომმა აჩვენა ამ თანამშრომლობის რეალური ფასი, რადგან, მისი შეფასებით, არცერთი NATO-ს ჯარისკაცი არ იბრძვის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ხშირად მოიხსენიება როგორც “წინა ხაზი“.
მისივე განმარტებით, პრობლემა NATO-ში უფრო ფართოა და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობით. პაპუაშვილი მიუთითებს, რომ მსგავსი კრიტიკა ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ ალიანსი ვერ პასუხობს შესაბამის დონეზე პარტნიორების ძალისხმევას.
“იმ ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა NATO-სთვის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს,“ — თქვა მან და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ალიანსზეა დამოკიდებული.