"როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით" - მარია ზახაროვა
გაზიარება
გაზიარება
მარია ზახაროვას კომენტარი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი “ყოველთვის მზადაა“ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და მიანიშნა, რომ მსგავსი ინტერესი “როგორც ჩანს, ქართულ მხარესაც აქვს“.
დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური არხების არარსებობის მიუხედავად, ზახაროვამ ხაზი გაუსვა ე.წ. “ხალხთაშორისი კავშირების“ მნიშვნელობას, როგორც გზას ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგი კვლავ შესაძლებლად რჩება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ამისთვის მზად იქნება.
ამავე კონტექსტში, მან პასუხისმგებლობა დიალოგის შეჩერებაზე 2008 წლის მოვლენებსა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “დანაშაულებრივ და უგუნურ რეჟიმს“ დააკისრა. ზახაროვას განცხადებით, რუსეთისგან დისტანცირება საქართველოსთვის “რაციონალურად დასაბუთებული“ არჩევანი არ არის და მიანიშნა, რომ თბილისი თანდათან აცნობიერებს დასავლეთის “ნამდვილ მიზნებს“.
ეკონომიკური ურთიერთობები ასევე კრემლის არგუმენტაციის ცენტრალურ ნაწილად რჩება: ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ორმხრივი ვაჭრობა 2025 წელს 6%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. მან დეტალურად ჩამოთვალა ექსპორტის სტრუქტურაც – ქართული ღვინის ორი მესამედი, ხილის დაახლოებით 90% და უალკოჰოლო სასმელების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსულ ბაზარზე იყიდება.
მისივე განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის – ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის – წამყვანი მომწოდებელია, რაც ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას კიდევ უფრო ამყარებს.
ზახაროვამ ასევე გაუსვა ხაზი ტურიზმის ფაქტორს: პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და რუსი ვიზიტორების დაბრუნება, მისი თქმით, საქართველოს ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.