ევროპარლამენტარები საქართველოზე ანგარიშში იმედის, POSTV-სა და რუსთავი 2-ის სანქცირებას ითხოვენ
ტელევიზიების დასანქცირება
ტელეკომპანია TV პირველის ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენლებმა წარადგინეს შესწორება, რომელიც სამი ქართულ ტელემედიის – TV იმედის, POSTV-ის და რუსთავი 2-ის დასანქცირებას ითხოვს.
არხის ცნობით, ინიციატივა უკვე ოფიციალურად არის შეტანილი ევროპარლამენტში და მისი ბედი ახლა სხვა დეპუტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თუ შესწორება საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, იგი საქართველოს შესახებ საბოლოო ანგარიშის ნაწილად იქცევა და ამ დოკუმენტს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეეძლება.
ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრა მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.
“TV პირველი“ ასახელებს ინიციატივის ავტორებსაც, პოლონელ ევროპარლამენტარებს – კშიშტოფ ბრეიზას, მიხარ შჩერბასა და ანდრეი ჰალიცკის. დეპუტატების შეფასებით, აღნიშნული ტელეკომპანიები სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მონაწილეობენ პროპაგანდისტულ კამპანიებში, რომლებიც, მათი თქმით, არა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, არამედ მმართველი ძალის, “ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.
გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტარები “უმკაცრესად გმობენ“ ამ მედიასაშუალებების საქმიანობას და მათ “რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“, ცილისწამებასა და საზოგადოებრივი განწყობების მიზანმიმართულ მანიპულაციაში ადანაშაულებენ.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები ვერ ჩაითვლება მედიის თავისუფლების ფარგლებში მოქმედ კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად და წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც, ავტორების შეფასებით, ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას ემსახურება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს აღნიშნული შესწორება ევროპარლამენტში. თუმცა მისი არსებობაც კი უკვე მიუთითებს, რომ ქართული მედიის ნაწილი ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა.
დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპგანადისტული მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “არასერიოზული და სამარცხვინოა“. მისი თქმით, ლონდონში “აღარაფერი აღარ ფასობს“, მათ შორის – მედიის თავისუფლება.
კობახიძემ სანქციები ფორმალურად მედიის თავისუფლების შელახვად შეაფასა, თუმცა დაამატა, რომ პრაქტიკულ შედეგს ისინი ვერ გამოიღებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში მდგომარეობა არ გაუუარესდეს.
“რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს.” – თქვა კობახიძემ.