ვაიმარის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ ახალი რეპრესიული კანონების გამო
გაზიარება
გაზიარება
ვაიმარის საგარეო საქმეთა მინისტრები
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის (ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები) საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენსაქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს მიღებული ახალი კანონმდებლობის გამო, რომელიც უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის კონტროლს მკვეთრად აძლიერებს.
მინისტრების შეფასებით, ამ ახალი რეგულაციებით, “ხელისუფლება შეგნებულად” არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლების რეპრესიულ მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების განცხადებით, კანონმდებლობა “უპრეცედენტო დონეზე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
ახალი რეგულაციები, მათი თქმით, განსაკუთრებით აზიანებს დამოუკიდებელ მედიას, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
“საქართველოს ხელისუფლება ამ ცვლილებებით ხელს უშლის წინსვლას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებმა ასევე გაიხსენეს, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა, რაც დაფიქსირებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებში და დადასტურებულია ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.
მინისტრები კიდევ ერთხელ გამოხატავენ “ურყევ მხარდაჭერას“ ქართველ ხალხსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართ, რომლებიც “შეუპოვრად მუშაობენ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
4 მარტს, “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. გრანტების კანონი, რომელიც ასევე მათი ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასაც გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, მეწარმე იურიდიული პირი “პოლიტიკური აქტივობისთვის” პირველ ჯერზე 20 000 ლარით დაჯარიმდება, შემდგომი შემთხვევა კი 3 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ხელისუფლება ასევე სისხლისსამართლებირვი წესით დასჯადს ხდის გარე ლობიზმს, ცვლილებები შეიტანა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.