19 აზერბაიჯანელი ექსპერტი სომხეთში პირველად ჩავიდა სახმელეთო საზღვრის გავლით
გაზიარება
გაზიარება
ზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციები სომხეთში სახმელეთო საზღვრის გავლით
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტავუშ-ყაზახის სექტორში საზღვრის დემარკაციის შემდეგ, პირველად, 13 თებერვალს აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების 19 წარმომადგენელი სომხეთში სახმელეთო გზით ჩავიდა: სიმბოლური ჟესტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მცდელობად შეფასდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ კვეთენ ისინი საზღვარს ფეხით, ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ. ოფიციალური ერევანი ამ ნაბიჯს “მნიშვნელოვან პრაქტიკულ წინსვლად“ აფასებს. განცხადებაში, რომელიც სომხეთის საბჭომ – ანალიტიკურ კვლევებზე სპეციალიზებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – გაავრცელა, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ნდობის განმტკიცებისკენ არის მიმართული.
ვიზიტი 13-14 თებერვალს ერევანში დაგეგმილ მრგვალ მაგიდას უკავშირდება, რომელიც “მშვიდობის ხიდი“ ინიციატივის ფარგლებში იმართება. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ტარდება: თუ წინა რაუნდებზე თითოეული მხრიდან ხუთ-ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა, ამჯერად პროცესში დამატებითი ექსპერტებიც არიან ჩართულნი. საერთო ჯამში, შეხვედრაში მონაწილეობს სომხეთის 20 და აზერბაიჯანის 19 წარმომადგენელი. სომეხ მონაწილეთა შორის არის ნაირა მარტიკიანი, JAMnews-ის სომხური ოფისის დირექტორი და რედაქტორი.
მრგვალი მაგიდის ოფიციალური დღის წესრიგი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, განხილვები შეეხება მშვიდობის დღის წესრიგს, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე დაამტკიცეს.
განცხადების თანახმად, ცალკეული სესიები დაეთმობა რეგიონული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, მშვიდობის პოტენციურ სარგებელს, ორ საზოგადოებას შორის ურთიერთობების აღდგენის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ აღქმებს, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამოქალაქო საზოგადოების როლს ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში.
სომეხი და აზერბაიჯანელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ერევანში 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა. ერთი თვის შემდეგ სომეხი ექსპერტები ბაქოში გაემგზავრნენ. ორივე შემთხვევაში შეხვედრებში თითოეული ქვეყნიდან ხუთ-ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მეორე რაუნდის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ სამუშაო კონტაქტებისა და ორმხრივი ვიზიტების გაგრძელებაზე — ინიციატივას კი “მშვიდობის ხიდი“ ეწოდა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დღის წესრიგში შედის სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში განსახილველი თითქმის ყველა ძირითადი საკითხი – სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაწყებული, სატრანსპორტო და კომუნიკაციების ბლოკადის მოხსნით დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, მსგავსი შეხვედრები მიუთითებს, რომ დიალოგის არხები, სულ მცირე, საზოგადოების დონეზე, კვლავ ღიაა.