ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის 2-წლიანი სასაჯელი ძალაში დატოვა
მზია ამაღლობელის სასაჯელი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი – ორწლიანი პატიმრობა.
- სახელმწიფო დეპარტამენტი: გვაშფოთებს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების შევიწროება
- “საქართველომ უნდა შეასრულოს პრესის თავისუფლების ვალდებულებები” – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის განაჩენზე
- “სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – 24 ქვეყნის განცხადება
მზია ამაღლობელის ადვოკატები მეორე ინსტანციაში ჟურნალისტის უდანაშაულოდ ცნობასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურა კი მოითხოვდა მზია ამაღლობელის იმ მუხლით გასამართლებას, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა – პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
მზია ამაღლობელს განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს გამოუტანა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით გადააკვალიფიცირა და ჟურნალისტი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაასამართლა.
სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს ნიკოლოზ მარგველაშვილის, მარინა სირაძისა და ნანა ჯოხაძისგან დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. საქმე სამ პროცესში დასრულდა.
სამიდან ორ პროცესზე მზია ამაღლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, ისევ ფეხზე იდგა ბრალდებულებისთვის განკუთვნილ მინის კაბინაში. მას მხოლოდ პირველ პროცესზე მისცეს კაბინიდან გამოსვლის და ადვოკატებთან დაჯდომის შესაძლებლობა.
სამივე პროცესი პატარა, 24-კაციან დარბაზში ტარდებოდა, ამის გამო, პროცესზე ჩასული ადამიანების დიდი ნაწილი დასწრებას ვერ ახერხებდა. მზია ამაღლობელის კოლეგებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს, ვინც დარბაზში შესვლას ვერ ახერხებდა, სასამართლოს ეზოშიც არ უშვებდნენ – ეზოს ჭიშკარს საგულდაგულოდ კეტავდნენ.
“თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ცეცხლი ოლიგარქიას” – სამივე პროცესზე დარბაზში აღწევდა მზია ამაღლობელის გულშემატკივრების შეძახილები სასამართლოს ეზოდან.
ბოლო პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში ასაბუთებდა, რატომ არის აბსურდული მზია ამაღლობელის პატიმრობა.
„წარმოვადგენ მზია ამაღლობელს, რომელსაც არ გააჩნდა და არ გააჩნია ძალაუფლება. არ არის კორუმპირებული. მას არ აქვს მილიონიანი ქონება. მას აქვს ერთი ბინა, რომლის ღირებულებაც, რომელიც, ალბათ, 100 000 ლარამდეა. მას არასდროს ჰქონია ხელოვნების ნიმუშები. მას გზაც კი არ გადაუკეტავს, არასდროს დაუჯარიმებიათ… მის სახლში ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ 1 თეთრს ვერ იპოვიდნენ. აქვს მხოლოდ ერთი სამუშაო ოთახი „ბათუმელების“ ოფისში და არის ორი მედიაგამოცემის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მრავალსაათიანი სიტყვა კი ასე დაასრულა:
“ეს განაჩენი შეიძლება დაწერილიყო ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში… ბატონო მოსამართლეებო, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა. მზია სინდისის პატიმარია და ვერ იქნება დამნაშავე… მზია არ არის დამნაშავე და ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან გადაწყვეტილებას”.
მისი სიტყვების დასრულებას სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა.
ბოლო პროცესზე სიტყვის უფლებით მზია ამაღლობელმაც ისარგებლა:
“სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება მინდა გამოვხატო. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა. ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დემოკრატიული საქართველოსთვის იბრძვის“.
ახსენა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონები:
“არ ვიცი როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება – რამდენად ჩამტოვებთ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართალში… არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს… ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან… იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ… არ დავსვათ კითხვა რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს“.
ხაზი გაუსვა ბრძოლის მნიშვნელობას და გულშემატკივრებს მოუწოდა, არ დაკარგონ რწმენა:
“თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთხელ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ“.
პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიში. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ – ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.
მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.
მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. ბრძოლა ბოლომდე!”– თქვა მან და სიტყვა ასე დაასრულა:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს, კრიტიკულ მედიას, თანამოაზრეებს, ოჯახს, წამით მარტო არ დავუტოვებივარ, ვფიქრობ, რომ არა ჩემი ადვოკატების კომპეტენცია, მათი პასუხისმგებლობა, მათი თავისუფლება რეჟიმის გავლენებისგან, რომ არ ყოფილიყო მათი პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ჩემი ფეხი სასამართლოში არ იქნებოდა. ჩავთვლიდი, რომ აზრი არ აქვს. ვიტყოდი, რომ ელაპარაკონ ერთმანეთს სასამართლო და ბრალდების მხარე. ღირსეული დაცვა მყავდა და იმედი მაქვს, რომ ამ ღირსეული დაცვის წარმოდგენილი არგუმენტები გათვალისწინებული იქნება“.
ბოლო პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. ის ხშირად დადიოდა მზია ამაღლობელის პროცესებზე მაშინაც, როდესაც საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავდა.
“იწყება მზიას სასამართლო… რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმითაც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი, აღებული სკამებით. 28-ზე მეტი ოჯახის წევრი და მხარდამჭერი ვერ უნდა ამხნევებდეს ადამიანს, რომელსაც საქართველო და მსოფლიო აღიარებს ღირსეულ პიროვნებად, პროფესიონალ ჟურნალისტად და თავისუფლებისთვის შეუპოვარ მებრძოლად.
ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზიამ! თუმცა მთავარი საკუთარმა საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის მიანიჭა.
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას ბრწყინვალების ორდენი მიენიჭება!
მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ და თქვენს მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ საქართველოში ღირსებას, განათლებასა და ჭეშმარიტ პატრიოტიზმს მომავალი გააჩნია. ესე იგი საქართველო გადარჩება!” – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
“თავისუფლება მზიას” – ამ შეძახილით გააცილეს მზია ამაღლობელი გულშემატკივრებმა სააპელაციო სასამართლოს ეზოდან. მზია ამაღლოველი რუსთავის ქალთა ციხეში იხდის მისთვის მისჯილ სასჯელს.
მზია ამაღლობელი, გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს ბათუმში, ორჯერ. თავდაპირველად პოლიციის შენობაზე სტიკერის – “იფიცება საქართველო” გაკვრისთვის. მეორედ პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.