მოსაზრება: რუსეთთან თავსებადობისთვის კიდევ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და წინ კიდევ ბევრი სამარცხვინო ამბავი გველის
პაპუაშვილის განცხადება
ისტორიკოსი ბექა კობახიძე “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან თავსებადობისთვის კიდევ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და წინ კიდევ “ბევრი სამარცხვინო ამბავი” გველის. კობახიძის თქმით, როგორც ევროპა “გვიყენებდა 9 პუნქტს და 12 პუნქტს, ახლა რუსეთთან უნდა ვიყოთ თავსებადები და შევასრულოთ ყველა პირობა, რათა მან ჩვენი რეჟიმი” სანდო პარტნიორ რეჟიმად აღიაროს.
საქართველოში უქმდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროც, ემიგრანტებს კი ხმის მიცემა ეზღუდებათ – “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ხელისუფლების რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.

ბექა კობახიძე: “ისმის კითხვა თუ რატომ ართმევს ქართული ოცნება ემიგრანტებს ხმის უფლებას?
იოლია ცდუნება ამ კითხვას მარტივი პასუხი გავცეთ, რომ ემიგრაციაში აგებენ, ვერ აყალბებენ და ა.შ.
ეს მოსაზრება ისევ იმ ამოსავალს ეყრდნობა, რომ, თითქოს, სადღაც იზოლირებულ კუნძულზე ვართ და ქართული ოცნება თავად განსაზღვრავს ყველაფერს.
ცოტა შორიდან დავიწყებ: საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, დიდ სახელმწიფოთა შორის ზედმეტად ცენტრალური მდებარეობით და ის ვერ იქნება იზოლირებული, თავისთავადი. რაღაც ეტაპზე დაიდება ჩემი და ალეკო მიქაბერიძის პოდკასტი, სადაც ერეკლე მეორედან მოყოლებული ვმსჯელობთ ამ პრობლემაზე. ერეკლე ჯერ ნადირშაჰზე იყო მიბმული, მერე, სპარსეთი რომ აირია, რუსეთზე მიბმა სცადა. ამის შემდეგ რუსეთის იმპერიამ შეგვისრუტა. პირველი რესპუბლიკა ევროპასთან მიბმას ცდილობდა. მერე საბჭოთა რუსეთმა შეგვისრუტა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1995 წლიდან, ისევ ევროპაზე მიბმას ვცდილობდით და ყველა რეფორმა იქითკენ იყო მიმართული ევროპასთან ვყოფილიყავით თავსებადები, რამენაირად მას მივბმოდით. ევროპა გვიყენებდა პირობებს, რაც ძირითადად დემოკრატიას, კარგ მმართველობას და ადამიანის უფლებებს ეხებოდა. ჩვენი მთავრობებიც რაღაც საბაზისოს ცდილობდნენ და ამიტომ ვიყავით ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა წყალწაღებულ რეგიონში. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკური კურსი ჩრდილოეთისკენ არ შეატრიალა.
როგორც ევროპა გვიყენებდა 9 პუნქტს და 12 პუნქტს, ახლა რუსეთთან უნდა ვიყოთ თავსებადები და შევასრულოთ ყველა პირობა, რათა მან ჩვენი რეჟიმი სანდო პარტნიორ რეჟიმად აღიაროს.
მე რამდენიმე საილუსტრაციო მაგალითს მოგიყვანთ იმისას, როცა ესა თუ ის ქმედება არაფერში სჭირდებოდა ქართულ ოცნებას და მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ კრემლიდან დავალება იყო წამოსული.
1. დავიწყოთ ბოლოთი, ემიგრანტებით:
შარშან, მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, მხოლოდ 35 ათასამდე ემიგრანტმა მისცა ხმას. აქედან, რეალურ ოპოზიციას დაახლოებით 25 ათასი ხმა ხვდა წილად.
არის ეს რაოდენობა ელექტორალური სირთულე ქართული ოცნებისთვის? არ არის, რადგან საქართველოში მოსყიდვა-დაშინება-პროპაგანდა-გაყალბების ბევრად დიდი რესურსი აქვთ. ხმის უფლების წართმევა ბევრად მეტი რეპუტაციული ზიანია, ვიდრე სარგებელი.
აბა რატომ გამოიდეს თავი, მეტადრე მაშინ, როდესაც მომდევნო არჩევნებამდე სამი წელია დარჩენილი?
ჩემს ისტორიულ გამოცდილებას და რუსულ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობას უნდა ენდოთ, რომ “ინაროდცების” (ასე ეძახდნენ რუსები მათ იმპერიაში შემავალ პატარა ერებს) რუსი კურატორები ცალკე საქართველოსთან, ცალკე უკრაინასთან თუ ლიტვასთან მიმართებით პოლიტიკას არ განიხილავდნენ. “ინაროდცების” პოლიტიკა ერთი მთლიანი დოკუმენტი იყო.
გავა დრო, მე შეიძლება ამას ვერ მოვესწრო, მაგრამ გაიხსნება მიმდინარე მოვლენების შესახებ არქივები და ეჭვი არ მეპარება ჩემი ეს კონკრეტული ვარაუდი დასაბუთდება.
კერძოდ, ევროკავშირში ინტეგრაციაზე რეფერენდუმი მოლდოვაში რუსებმა ემიგრაციის დახმარებით წააგეს. რუსი კურატორები გაბრაზდნენ და პოლიტიკის დოკუმენტში ჩაწერეს, რომ ემიგრაციის ხმები უნდა აიკრძალოს. ასე კალკით და შაბლონით მოვიდა ეს დავალება თბილისში და ამ დავალებას ასრულებენ.
არავის აუხსნია რუსებისთვის, რომ მოლდოვისგან განსხვავებით, ქართველ ემიგრანტებს ძალიან ცოტა საარჩევნო უბანი აქვთ და ისედაც ვერ ახდენენ არსებით გავლენას არჩევნების შედეგზე. ეს მეტადრე მაშინ, როცა არჩევნები არც ტარდება და ოპოზიციური პარტიებიც იკრძალება.
ამასთანავე, გვაქვს ყველა ნიშანი, რომ ქოცები ნეიტრალიტეტზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. მეთოდია ასეთი: პირველ ეტაპზე გიჟებს და არასერიოზულ ხალხს ალაპარაკებენ ამაზე და მერე შემოდის პოლიტიკა. რასაც ჟირინოვსკი რუსეთში და რეზო ამაშუკელი საქართველოში გარდაცვალებამდე ამბობდნენ, მაშინ ვიცინოდით, მაგრამ დღეს ორივე შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკაა. ესენი და ხაინდრავები, ვატოშაქარაშვილები არაფერს საკუთარი ინიციატივით არ ამბობენ, ეს ხალხი საინფორმაციო ველს ამზადებს. ბოლო თვეებში ძალიან გააქტიურებულები არიან და პროპაგანდისტული არხების მხრიდან მათი გაშუქებაც ინტენსიურია. გაისად იქნება რეფერენდუმი (შეიძლება არჩევნებიც) და ეს კანონიც, მოლდოვის გამოცდილების კვალდაკვალ, რუსებმა წაამძღვარებინეს.
2. ავიღოთ ივანიშვილის “ბოდიში” გორში. რაში სჭირდებოდა ეს ქართულ ოცნებას ზედ არჩევნების წინ? არც არაფერში.
რაში სჭირდება საქართველოს ომში დადანაშაულება? არც არაფერში. გარდა ერთისა: თავსებადობაა მისაღწევი რუსულ ნარატივთან.
3. 2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მოხსენიებულია, როგორც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაცია. როგორც მყისიერი შედეგი, საქართველოს მთავრობამ საბჭოთა არქივები დახურა.
სოვლაბი და საბჭოთა არქივები ქოცების ხელისუფლებას არანაირ ეგზისტენციურ პრობლემას არ უქმნიდა. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ არც ივანიშვილმა და არც კობახიძემ ამ არქივების არსებობაც არ იცოდნენ, რომ არა რუსეთიდან წამოსული დავალება. რუსეთში დახურეს სოვლაბის ანალოგი ორგანიზაცია – “მემორიალი”, შესაბამისად, ჩვენ მასთან თავსებადები უნდა ვიყოთ.
4. 2021 წელს საბჭოთა რუსული ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა. ცხადია, მთავრობას ეს დღე არ აღუნიშნავს, ისევე როგორც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი. გავრცელდა პრემიერ ღარიბაშვილის ფეისბუქ განცხადება, რომ 1921 წლის 16 თებერვალს შემოიჭრა წითელი არმიაო (რუსეთის უხსენებლად).
რეალურად რა მოხდა: 1921 წლის 12 თებერვალს ლორეს ოლქში დაიწყო ინსცენირებული ამბოხი, რომელშიც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო საბჭოთა წითელი არმია. ეს ჩვენ დეტალურად და დადასტურებულად ვიცით საარქივო დოკუმენტებიდან. თუმცა, ოფიციალური საბჭოთა და დღევანდელი რუსული ვერსიით, 12 თებერვალს ამბოხებულ მშრომელებს 16 თებერვალს დაეხმარა წითელი არმია.
ისტორიის ამ ყალბ ვერსიას 1990 წლის შემდეგ გამოცემულ ვერც ერთ ქართულ წიგნში ვერ წაიკითხავთ, აბსოლუტურად ვერსად. არ არსებობს ქართველი ისტორიკოსი, რომელსაც ეს დაუწერია.
აბა რა ხდება, საიდან გაჩნდა ღარიბაშვილის პოსტში 16 თებერვალი თუ ამ პოსტის ტექსტი რუსეთიდან არ ჩამოვიდა?
რუსეთთან თავსებადობისთვის კიდევ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და წინ კიდევ ბევრი სამარცხვინო ამბავი გველის.”