გამქრალი შოვი - როგორ გამოიყურება საქართველოს ცნობილი კურორტი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ. ფოტოები
შოვის ტრაგედია
დანგრეული შენობები, ტალახით ამოვსებული ოთახები, ჩამოგლეჯილი ფარდები სასტუმროებში, ლოდების გროვები – ასე გამოიყურება საქართველოს ცნობილი კურორტი შოვი სტიქიიდან ორი წლის შემდეგ.
- რა მოხდა შოვში – სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე პირველადი დასკვნა გამოქვეყნდა
- ტრაგედია შოვში – ათობით დაღუპული, დაშავებული და დაკარგული
კურორტი გაქრა. ყველგან მხოლოდ ღვარცოფის კვალია – დამანგრეველი სტიქიის, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რა მოხდა შოვში
2023 წლის 3 აგვისტოს, დღის სამ საათზე, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ რამდენიმე წუთში დაფარა მთელი შოვი. გზად გადაუარა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, უზარმაზარი ხეები. ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.
ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, მაგრამ, სტიქიის მასშტაბის გამო, მუშაობა გაუჭირდათ.
სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე საღამოს ჩაფრინდა, მომხდარიდან სამი საათის შემდეგ.
სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაღუპულების ცხედრებს ლაფის მასაში მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, 1 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. მისი ძებნის სამუშაოები რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და შემდეგ შეწყდა.
რა ხდება შოვში დღეს

კურორტი შოვი, თავისი უნიკალური მდებარეობისა და ბუნების გამო, ერთ დროს ძალიან პოპულარული კურორტი იყო. ახლა ის უკაცრიელია, მოჩვენებების ქალაქს ჰგავს.
ერთ-ერთი სასტუმროს ოთახში, დამსვენებლის მიმოფანტული ნივთები და ჩაულაგებელი ჩემოდანი დევს. ტანსაცმელს შორის ადვილად გამოარჩევთ ჭრელი სარაფანს, პატარა ბიჭის ჯინსის შარვალს. მხოლოდ ეს თუ მიგანიშნებთ, რომ ერთ დროს აქ სიცოცხლე ჩქეფდა.


“ქართული ოცნება” შოვის სტიქიაზე იშვიათად საუბრობს. ეს ამბავი ხელისუფლებას მხოლოდ 3 აგვისტოს ახსენდება – სტიქიის წლისთავზე. და ამ დროსაც, მთავარი გზავნილი ისევ ისაა, რომ ამ ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იყო.
“ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას”, – თქვა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიიდან ორი წლის თავზე.
კონკრეტულად ვინ და რას იკვლევს, შედეგები როდის გვეცოდინება, ამაზე პრემიერს არაფერი უთქვამს. მას არც ის უხსენებია, რომ ასეთ კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტო ისეც ყოველწელს ატარებდა და შესაბამისი დასკვებიც არსებობს, უბრალოდ, ამ დასკვნებს არავინ კითხულობს.

იმავე დღეს, ერთი წლით ადრე, სქიტიიდან ერთი წლისთავის კომენტირებისას, კობახიძემ განაცხადა, რომ ტრაგედიის ადგილას გარდაცვლილების ხსოვნის პატივსაცემად, ეკლესია აშენდებოდა:
“ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ. აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ საკუთარი ოჯახის წევრები”.
ბოლო ამბავი, რაც ვიცით, ისაა, რომ 2024 წლის 3 აგვისტოს, სტიქიიდან ერთი წლის თავზე, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სასულიერო პირებთან ერთად ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ტაძრის საძირკველი აკურთხა. ეს ინფორმაცია მაშინ მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

რას აპირებს ხელისუფლება, აქვს თუ არა რაიმე გეგმა შოვთან დაკავშირებით, არ ვიცით. არავინ იცის, ოდესმე აღდგება თუ არა შოვი, ისევ შეიძლება თუ არა აქ ცხოვრება.
