რა მოხდა შოვში - სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე პირველადი დასკვნა გამოქვეყნდა
რა მოხდა შოვში
7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული – სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი, დაკარგულად ითვლება – 18. მაშველები ამბობენ, რომ დაკარგულთა ცოცხლად პოვნის შანსი მინიმალურია. დაღუპულებსა და დაკარგულებს შორის არიან ბავშვები.
● ტრაგედია შოვში – ათობით დაღუპული, დაშავებული და დაკარგული
სტიქია საქართველოს დასავლეთით, დაბა შოვში მოხდა – მეწყრის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა დაფარა მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია, იქ არსებული საცხოვრებელი კოტეჯები, სადაც დამსვენებლები და ადგილობრივები იმყოფებოდნენ.
სამაშველო სამუშაოებში 200-ზე მეტი მაშველია იყო ჩართული. ჩასულები არიან მოხალისეებიც.
7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგანსაქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (მუხლი 116) და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა (მუხლი 240).
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს მუხლები შეიძლება გადაკვალიფიცირდეს გამოძიების პროცესში.
პირველადი დასკვნა
ასევე, ტრაგედიიდან სამი დღის თავზე, 7 აგვისტოს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე.
დოკუმენტის თანახმად, ტრაგედიის მიზეზი გახდა რამდენიმე სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრა, რამაც მდინარე ბუბუსწყლის ხეობაში ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.
წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყო კლიმატურმა ცვლილებებმა – ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურამ, რის გამოც მიმდინარეობს მყინვარების ინტენსიური დნობა და ამ პროცესს თან ახლავს ატმოსფერული ნალექები.
დასკვნაში წერია, რომ ამ სტიქიის ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელი იყო:
“მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია”.
ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოიშალა კლდეზვავური მასა, რომელიც შეეჯახა მყინვარს და ჩამოანგრია მყინვარის გარკვეული ნაწილიც. ამ პროცესებმა “შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში,” – ნათქვამია დასკვნაში.
როგორც დასკვნაში წერია, არ დასტურდება გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სტიქიის განვითარებამდე ცოტა ხნით ადრე მდინარე ბუბას ხეობაში წყალი დაგუბდა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროცესები მყისიერად განვითარდა, თუმცა სტიქირ მოვლენას კომპლექსური ხასიათი ჰქონდა და ამ მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. (დოკუმენტი ნახვა სრულად)