პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი წარუდგინა. ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონ ლარს სთხოვენ
ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურის ვერსია: ფარული ბიზნესსაქმიანობა და 6.5 მილიონი დოლარი
პროკურატურის ცნობით, გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აწარმოებდა.
გვარაკიძის განცხადებით, დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, ფარულად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.
„ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, კანონით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურების მიღება თანამდებობრივი სარგოს გარდა. მიუხედავად ამისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს, რათა უკანონო შემოსავლების ნაწილი ლეგალურ ბრუნვაში მოექცია.
„ამ გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
დაუსაბუთებელი ქონება და ამოღებული თანხები
პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 2023-2024 წლებში:
- შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა ორი ავტომანქანა ჯამში 463 630 ლარად;
- ოჯახის წევრის მეშვეობით შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი 210 000 ლარად;
- ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა 3 670 172 ლარი.
„დაუდასტურებელი თანხის ძირითადი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რათა მისი ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო დაემალა. შედეგად მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
აღკვეთის ღონისძიება და დამატებითი შეზღუდვები
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდოს, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
„აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა,“ – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
კონტექსტი
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და მთავარი პროტეჟე იყო. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021-2024 წლებში იკავებდა. მანამდე, 2019-2021 წლებში, იყო თავდაცვის მინისტრი. 2024 წლის აპრილში ის საკუთარი ნებით გადადგა პრემიერობის პოსტიდან.
გამომძიებელი ჟურნალისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად საუბრობდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და უკანონო შემოსავლების შესახებ.
2023 წელს ღარიბაშვილის იმპიჩმენტიც კი მოითხოვეს ე.წ. ჩარტერის სკანდალის გამო. მაშინ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის შვილი სასწავლებლად აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაიყვანა. მაშინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ ძვირადღირებული ფრენის ფული პენსიონერმა მამამ აჩუქა.