მარია ზახაროვა კობახიძის მსგავსად ამტკიცებს, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში დასავლელი "მოთამაშეები" ერევიან
მარია ზახაროვას კომენტარი
4 ოქტომბრის აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ეხმაურება და იმეორებს “ქართული ოცნების” ნარატივს, თითქოს მათ დამხობას დასავლეთის დახმარებითა და მითითებებით ცდილობდნენ. ზახაროვას თქმით, საქართველოს საშინაო საქმეებში “დასავლელი მოთამაშეების ჩარევა” შემაშფოთებელია.
ირაკლი კობახიძე თბილისის აქციებზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრებს და მისგან ითხოვს, “გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში”. კობახიძემ ელჩის პასუხისმგებლობაზე 4 ოქტომბერს ორ ბრიფინგზე ისაუბრა.
საღამოს 9 საათზე მან თქვა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერი მხარს უჭერდა საქართველოში “დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას” და სწორედ ამის გამო აკისრებს პასუხისმგებლობას ელჩს.
“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში ცნობილი დასავლელი “მოთამაშეების” ჩარევა. “სახელმწიფოების” თქმა, გულწრფელად რომ ვთქვა, მთლად სწორი არაა – “მოთამაშეები”. ევროკავშირელებისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ერთიან “ნაციონალურ მოძრაობასთან”, პირდაპირ გააკეთა კანონიერი ხელისუფლების გადაგდების მოწოდება. ამ წლის 4 ოქტომბრის საღამოს თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ოფიციალურ შენობაზე შტურმი სცადეს. გამოიყენეს ყველა ძველი “შაბლონი”, რომელთა გამომუშავებაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აქტიურად მიმდინარეობდა.” – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას მტკიცებით, დემონსტრაციის ორგანიზატორთა მიზანი საქართველოში დასავლეთს დამორჩილებული “მარიონეტული რეჟიმის” დამყარება და ანტირუსული პოზიციების გამყარება იყო, რათა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ “ახალი ავანტიურისთვის” გამოეყენებინათ.
“დემონსტრანტებმა იძალადეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე. თითქოს ესენი სხვა ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ და არა საკუთარი თანამოქალაქეები. მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას. ამ ჩავარდნილი პროვოკაციის ცხადი მიზანი იყო მაიდანის რეალიზაცია საქართველოში, მარიონეტული რეჟიმის დამყარება, რესპუბლიკის დასავლეთის ნებისთვის სრული დამორჩილება და მისი ანტირუსულ პოზიციებზე გამყარება.
ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გამოეყენებინათ ახალი ავანტიურებისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, [უნდოდათ] გარდაექმნათ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოსაყენებელ სხვის ხელში მყოფ ინსტრუმენტად.
ქართველი ხალხის ძირეული ინტერესები, ამავდროულად, ცინიკურად იგნორდება და უგულებელყოფილია მათ მიერ, ვინც ამ ფერადი რევოლუციების, მაიდანების, გადატრიალებების უკან დგას.” – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ირწმუნება, რომ მოსკოვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან “თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო” ურთიერთობა სურს.
“ვადასტურებთ ჩვენს თანმიმდევრულ მიზანდასახულობას სამხრეთ კავკასიაში ყველა ქვეყანასთან მშვიდობიან, თანასწორუფლებიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობისთვის. ვეწინააღმდეგებით რეგიონის მორიგ დაძაბული კონფრონტაციის არენად გარდაქმნას. აბსოლუტურად ცხადია, რომ მსგავსი ნეგატიური სცენარით დაინტერესებულები არიან მხოლოდ ზემოხსენებული არარეგიონული ძალები, რომლებიც ესწრაფვიან მხოლოდ საკუთარ კონიუნქტიურ მიზნებს, რომელთა დამღუპველი სახე კიდევ ერთხელ ჩაფლავდა ახლა, ამ დღეებში, მსოფლიოს ამ რეგიონში.” – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ 8 ოქტომბრის ბრიფინგზე საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა:
“ხაზს ვუსვამთ, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ როგორც გლობალური სამხრეთიდან, ისე დასავლური სახელმწიფოებიდან, დაადასტურეს ხმის მიცემის გამართულობა და პროფესიონალურობა. მომყავს შეფასებები, რომლებიც არა ჩვენი, არამედ დამკვირვებლებისაა, რომლებიც ამ არჩევნებზე მუშაობდნენ. მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტული იყო.”
4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. არჩევნებზე არ მივიდა ასევე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. შედეგად, საარჩევნო აქტივობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა.
პარალელურად, ამავე დღეს, თბილისში გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც მოგვიანებით მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პროტესტში მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სამართალდამცავებმა აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეთ. საქმე აღიძრა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის, არიან პოლიტიკოსები და აქტივისტები.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ევროკავშირის ელჩი ამ არეულობის ორგანიზებაში. კობახიძემ დააანონსა შემდგომი დაკავებებიც და თქვა, რომ იქნება “ნული თანაგრძნობა” პროტესტში მონაწილეთა მიმართ.