როგორც “რადიო თავისუფლება ევროპა“ (RFE/RL) იუწყება, ევროკავშირის დიპლომატებმა პირველად განიხილეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წინადადება, რომელიც საქართველოს ორ პროსამთავრობო არხზე – “იმედსა“ და POSTV-ზე – სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ბრიუსელი არხებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ინიციატივის მიხედვით:
სანქციების დაწესება გულისხმობს არხების მფლობელებისთვის ვიზების აკრძალვას;
აქტივების გაყინვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებას.
სანქციები დაექვემდებარება ევროკავშირის იმ რეჟიმს, რომელიც გასულ წელს შეიქმნა რუსული ჰიბრიდული აქტივობების წინააღმდეგ საბრძოლველად.
“ტელეკომპანია “იმედი“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არხად მიიჩნევა და ეკუთვნის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, რომელიც უკვე დასანქცირებულია ლიეტუვასა და უკრაინაში. ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ადრე გამოავლინა მტკიცებულება, რომ არხის დაფინანსებაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი”, – ვკითხულობთ სტატიაში.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, იანვარში EEAS-მა პარლამენტის წევრებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირებაც სცადა 2024 წლის არჩევნებისა და საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, თუმცა ინიციატივას უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს.
“ამჯერადაც სწორედ ეს ორი ქვეყანა, ბელგიასთან, იტალიასა და საბერძნეთთან ერთად, სკეპტიკურად არის განწყობილი. ისინი სანქციებისადმი თავიანთ წინააღმდეგობას გამოხატავენ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ორმაგი სტანდარტების საფრთხის არგუმენტით.
სანქციების მიმართ მხარდაჭერას კი ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი გამოხატავენ. ჩეხეთმა სექტემბერში უკვე დააწესა ეროვნული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეზე, სამ მოსამართლესა და პროკურორზე.
ევროკავშირის იურიდიულმა სამსახურმა აღნიშნა, რომ EEAS-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯერ ვერ ამყარებს საკმარის კავშირს “იმედს“, POSTV-სა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რის გამოც ბრიუსელი დამატებითი მასალების შეგროვებაზე მუშაობას გააგრძელებს.” – წერია სტატიაში.
RFE/RL-ის ცნობით, სანქციების მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს ფინეთმა, გერმანიამ, სლოვენიამ და შვედეთმა, ხოლო ბულგარეთი, საფრანგეთი და რუმინეთი გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის დამატებით შესწავლას გეგმავენ.