"კრემლმა შესაძლოა ვაშინგტონის შეთანხმების განხორციელების ჩაშლა სცადოს“ - მოსაზრება ბაქოდან
ლავროვის განცხადება სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ვაშინგტონში ხელმოწერილი აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დოკუმენტს “ენთუზიაზმით შეხვდნენ“, თუმცა მოგვიანებით „სკეპტიკური შეფასებები“ გახშირდა.
პოლიტოლოგი, “ატლასის“ კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ კრემლის ეს პოზიცია ვაშინგტონის პროცესის შესუსტებას ისახავს მიზნად.

სერგეი ლავროვმა ვაშინგტონში ხელმოწერილი აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა:
“ეს ორ ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ვაშინგტონში შეხვედრის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოითქვა ბევრი დადებითი შეფასება, თუმცა დოკუმენტის გამოქვეყნებიდან შემდეგ ისინი სკეპტიკური შეფასებებით შეიცვალა. როგორც ჩანს, დოკუმენტში ყველაფერი შეთანხმებული არაა. რუსეთი ყურადღებით დააკვირდება ამ შეთანხმებების შესრულებას. თუ რეალური ნაბიჯები არ განხორციელდა, დოკუმენტი მხოლოდ საინფორმაციო მოვლენად დარჩება“.
“კრემლი სომხეთში რადიკალებზე დებს ფსონს“

ელჰან შაჰინოღლუს თქმით, საწყის ეტაპზე რუსი ოფიციალური პირები თავშეკავებულად იქცეოდნენ და ღიად არ აკრიტიკებდნენ შეთანხმებას.
მისი აზრით, ამის მიზეზი ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ალიასკაში დაგეგმილი შეხვედრა იყო:
“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკელი კოლეგის მიწვევით ალიასკაში ტრამპთან შესახვედრად ემზადებოდა. ამ პერიოდში კრემლისა და მისი მოხელეებისთვის 8 აგვისტოს შეთანხმების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება შეუფერებელი იქნებოდა. ეს ტრამპის ძალისხმევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავდა.
ვაშინგტონის შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვე გავიდა და დროთა განმავლობაში, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყეს.
კრემლმა, როგორც ყოველთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოიყვანა წინა ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ მან ვაშინგტონის შეთანხმებებს ორი ქვეყნის სუვერენული უფლება უწოდა, ორი დათქმის გაკეთება არ დავიწყებია.
ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ კრემლი აპირებს ვაშინგტონის შეთანხმების განხორციელების შეფერხებას. “სკეპტიკური შეფასებებით“ რუსი მინისტრი სომხეთში რადიკალურ ოპოზიციას გულისხმობდა, რომელმაც მკვეთრად გააკრიტიკა შეთანხმებები – სწორედ ამ ძალებზეა დამოკიდებული კრემლი.
ერევანმა და ვაშინგტონმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა დაჩქარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფერხება კრემლის სასარგებლოდ იმოქმედებს.”
კონტექსტი
8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. დოკუმენტი მიიჩნევა მნიშვნელოვან ნაბიჯად მრავალწლიანი კონფლიქტის მოგვარებისკენ. შეთანხმებაში გათვალისწინებულია საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხები, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და რეგიონში სატრანსპორტო კავშირის გახსნა, მათ შორის “ზანგეზურის დერეფანი“.
შეთანხმება ასევე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე. ხელმოწერის პირველ დღეებში როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში პოზიტიური შეფასებები ისმოდა, თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით სომხეთის შიგნით, შეთანხმების წინააღმდეგ რადიკალური პროტესტი გაჩნდა. ვაშინგტონში შეთანხმებას სტრატეგიულ მიღწევად აღიარებენ, რომელიც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას და რუსეთის გავლენის დასუსტებას უწყობს ხელს.