რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს. მათი განმარტებით, ბომბით დატვირთული მანქანის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს.
“მანქანა, რომელშიც მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით, ტრანზიტით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო საკონტროლო პუნქტ “ზემო ლარსზე“ გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილების გადამზიდავი კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, გეგმა იყო, რომ მანქანა გადაეცათ პირისთვის, რომელიც ყირიმის ხიდზე გაივლიდა და “უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი” გახდებოდა.
“უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა მათი გეგმების დროულად გამოვლენა, Chevrolet Volt-ში ფრთხილად შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მონაწილეობდა მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიწოდებაში.” – წერს უსაფრთხოების სამსახური.
“შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებას.
მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვიდან გაიგო. მისივე თქმით, ის არაფერს გამორიცხავს. როგორც მდინარაძე ამბობს, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს, მათ შორის, რუსეთისას, საკუთარი ინტერესები აქვთ და მათ გაშიფვრას ის ვერ დაიწყებს.
მამუკა მდინარაძე: “ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი რეაქცია, რაც მაქვს – არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.
ყველა ქვეყანას, ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს, აქვს თავისი ინტერესები, და ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურების მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთს აქვს ინტერესი დააზიანოს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსი. ოკუპაცია განგრძობითად, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მყარად და ა.შ. მათ შორის, ებრძვის დღეს და დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს უკრაინის. რა ინტერესები ექნება? მეგობრული ინტერესები ამასთან მიმართებაში არ ექნება, ხომ?! და უნდა გამოვიდეს ის თავისი ინტერესებიდან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენ როგორ გავშიფროთ ეს, როგორი ჟესტია, დაკავშირება უნდა თუ არა, დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს. შეიძლება მართლაც ასე იყო, და გამოაგდეს და აწყობდათ რეალობის ასახვა, შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ამასთან დაკავშირებით ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ”.