რუსეთი საქართველოს მთავრობას მოფარიკავეების წინააღმდეგ "რუსოფობიური ქმედებებისთვის" რეაგირებას სთხოვს
გაზიარება
გაზიარება
რუსეთი საქართველოს მთავრობას რეაგირებას სთხოვს
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ რუსოფობიურ ქმედებებს ყურადღებით აკვირდებიან და ქმედებების საპასუხოდ შესაბამისი ქართული უწყებებისგან საჭირო ზომების მიღებას ელის.
“მივაქციეთ ყურადღება მორიგ რუსოფობიურ ქმედებებს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ცნობილმა ჯგუფმა თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატში (ნეიტრალური სტატუსით) მონაწილე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ წამოიწყეს.
ამ პროვოკაციული ქმედებების აშკარა მიზანი ანტირუსული კარტის გამოყენებით რადიკალური ძალების მხარდამჭერების მობილიზება და თბილისის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, პრესტიჟის შელახვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორების ჩემპიონატის სათანადო დონეზე ჩატარების ძალისხმევას ვაღიარებთ, ჩვენ ველით, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები სამართლიანი, არადისკრიმინაციული და არაპოლიტიზებული შეჯიბრებების პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს მიიღებენ.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აქტივისტებმა ჩემპიონატის მიმდინარეობისას პლაკატები გაშალეს, სადაც შემდეგი სიტყვები ეწერა: “რუსი ოკუპანტები ანწუხელიძის სამშობლოში ვერ გაიხარებენ.”
ამასთან, ახალ სპორტის სასახლესთან მოქალაქეებმა რუსეთის დროშა დაწვეს.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, დილიდან აქციები იყო თბილისში. რუსების დილა ხმაურით და ფეიერვერკით დაიწყო, გაგრძელდა სპორტის სასახლეში აქციით და ახლა იმ სასტუმროთი დასრულდა, სადაც რუსი მოფარიკავეები არიან განთავსებული.
“რუსო ღორებო, აქ თქვენი ყოფნა არავის უხარია! დღეს იყო ფეიერვერკი, ხვალ იქნება გრადი!”- წარწერა ბანერზე, რომელიც მოქალაქეებმა იმ სასტუმროსთან გაშალეს, სადაც რუსი მოფარიკავეების დელეგაციაა ჩამოსული.