ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ბავშვებით — თინა ბოკუჩავა მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებაზე საუბრობს
თინა ბოკუჩავა მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებაზე საუბრობს
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს წინ უძღოდა გატაცება და საათობით გაგრძელებული ზეწოლა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
კოტე იოსელიანმა გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იგი ბიძინა ივანიშვილის შვილს — უტა ივანიშვილს — მეორედ უხდის ბოდიშს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადებისთვის, რომელზეც საჯარო ბოდიში უკვე ჰქონდა მოხდილი.
„ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან — სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად — ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.
ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ გატაცების ზუსტი ლოკაცია, რადგან ის იყო თვალებახვეული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი 10 წლის შვილის სკოლისა და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით,“ — განაცხადა ბოკუჩავამ.
კომენტარი
ნიკა გვარამია, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი:

“გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სრულიად კატასტროფული იყო ის, რაც მოვისმინეთ და ამდენად აღმაფრთოვანებელი იყო თინა ბოკუჩავას გამბედაობა, ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია.
ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა მიმართული იყო მისი პოლიტიკური განეიტრალებისკენ, უპირველეს ყოვლისა, და იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს. სრულ თანადგომას ვუცხადებ თინას და კვლავ ვაფიქსირებ, რომ ამ უმძიმეს “მწვერვალებს” ყოველდღიურად იპყრობს ქართული ოცნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი, ასე ვთქვათ, სუბიექტების მიმართ მუქარით, ვგულისხმობ ბავშვებს და, მათ შორის, პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლის წინ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს უცნობია, და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები.
ამგვარ ვითარებაში ხაზგასმულად ვამბობთ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული არ თანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და, უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოს, არ აწყობთ საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული.”

ელენე ხოშტარია, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი: “მართლა აღმაფრთოვანებელია და ძალიან დიდი პრინციპული ბრძოლის მაგალითია სიმყარის, ლიდერობის, გამბედაობის — ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ თიკას გამოსვლაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე დგას ეს სახელმწიფო და არ უწერია გადაშენება. ჩვენი ბრძოლა დგას სრულ სოლიდარობაზე — პოლიტიკურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივ სოლიდარობაზე, ჩვენი მთელი პროდასავლური სრული უმრავლესობის სოლიდარობაზე, სადაც დევს გამარჯვების გასაღები.
რა თქმა უნდა, ვართ აბსოლუტურად სოლიდარულები და, რა თქმა უნდა, ასევე ვეხმიანები მის მოწოდებას — ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საერთოდ გაუქმება — ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ბოროტმოქმედი რეჟიმი და უნდა დავასრულოთ ეს ეტაპი, როდესაც ვკამათობთ კიდევაც ამ საკითხზე. ერთიანად, ღირსეულად უნდა დავდგეთ ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ