ACTR-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.
ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით: ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
კვლევის ძირითადი მიგნებები
● საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი. ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით: ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
“როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება.” – ვკითხულობთ კვლევაში.
● მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა.
“ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს.” – განმარტავს ორგანიზაცია.
● მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.
“ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას.” – წერია კვლევაში.
● გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე.
● გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ.
● ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას.
“აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.” – ვკითხულობთ კვლევაში.
“საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება.” – აღნიშნულია კვლევაში.