"ცვლილებები ონლაინ მედიას არ ეხება, შეგვიძლია ვიმუშაოთ ამის რეგულირებაზე" - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
მედიის შემზღუდველი კანონი
ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მედიის შემზღუდველ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ონლაინ მედიებსა და გაზეთებს არ ეხება, მაგრამ “შეუძლიათ დამატებით გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებაზე”.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
“ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციას ამ მედიებიდანაც იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.” – თქვა გორდულაძემ.
“ქართული ოცნების“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტს უახლოვდება, ხოლო კანონის მიზანია პრევენცია და მაუწყებელთა დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება.
გორდილაძემ პროექტის წარდგენისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მაუწყებელთა თვითრეგულირება არ მუშაობს, ამიტომ ახალი კანონით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება თვითრეგულირების ორგანოს გარდა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართოს.
კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებები:
● მაუწყებელმა ასევე უნდა მოახდინოს ანონიმურ წყაროზე მითითება – როდესაც რაიმე ინფორმაციას ავრცელებს, ცალსახად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.
● თითოეულ ადამიანს, ვისზეც არასწორი ინფორმაცია გავრცელდება, შესაძლებლობა ექნება კომუნიკაციის კომისიას მიმართოს, შემდეგ მაუწყებელს დაევალოს და ის ვალდებული იქნება, არასწორი ფაქტის შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
● ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებული იქნება სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაიცვას.
● ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფაქტი და აზრი. დაუშვებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ახალი ამბების წამყვანი იყოს.
● ახალი ამბების პროგრამაში დაცული უნდა იყოს ნეიტრალიტეტი.
● ამავე დროს მაუწყებლის მიერ ახალ ამბებში პირადი დამოკიდებულების და პირადი მოსაზრებების გავრცელება დაუშვებელი იქნება. საზოგადოებამ ჯეროვანი ინფორმაცია უნდა მიიღოს და შეფასება თვითონ გააკეთოს და არა მაუწყებელმა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 26 თებერვალს მედიის შემზღუდველი ცვლილებები დაინიციირდა, რომლებიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის და რომლითაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალება.
● ახალი ცვლილებებით, აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება.
● კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
● ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. საუბარია მედიის შემზღუდველ და ცენზურის დამწესებელ კანონპროექტზე.