მოსაზრება: ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან "ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება
ტრამპის ადმინისტრაცია “ქართულ ოცნებასთან”
პოლიტოლოგი და ყოფილი დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი “პალიტრანიუსთან” ამბობს, რომ “რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციის მხრიდან ქართულ ოცნებასთან მიმართებაში უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება, ვიდრე ამას “დემოკრატები“ აკეთებდნენ.
როგორც ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, სანამ ქართული ოცნება ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ ხედვებს კომპრომისული გზების მოძებნასთან დაკავშირებით, არანაირ გადატვირთვას არ ელის.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არცერთმა “რესპუბლიკელმა“ არ მიიწვია ტრამპის საინაუგურაციო ღონისძიებაზე, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ კარგად და ეფექტურად ვერ მუშაობს ვაშინგტონში.
ვალერი ჩეჩელაშვილი:
“მე ველი, რომ უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე ამას “დემოკრატები“ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავიაზროთ ობიექტური ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტების რიცხვში არ შედის. თუ აშშ-ს სურს, ნაკლები რესურსებით გამოყენებით სწრაფი გეოპოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური გამარჯვების მიღწევა, ამის განხორციელება საქართველოში შეიძლება.
ამისთვის საზოგადოება მომზადებულია, ელის მხარდაჭერას აშშ-სგან. ეს იქნება არამხოლოდ აშშ-ს გავლენების საქართველოში გაძლიერება, არამედ სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, სერიოზული დარტყმა იქნება მიყენებული იმ კონკურენტებისთვის, რომელთაც თვლის რეგიონულ თუ გეოპოლიტიკურ ჭრილში მოწინააღმდეგედ.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ძალიან წარმატებულია. მნიშვნელოვანია, რომ შეხვდა მარკო რუბიოს, მომავალ სახელმწიფო მდივანს. როგორც მან განაცხადა, მოილაპარაკეს უფრო საფუძვლიან და ხანგრძლივ შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც დაიკავებს ამ თანამდებობას. ის ფაქტი, რომ არცერთმა “რესპუბლიკელმა“ არ ჩათვალა საჭიროდ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიეწვიათ ინაუგურაციაზე, ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ კარგად და ეფექტურად ვერ მუშაობს ვაშინგტონში.
ალბათ, ფოკუსი აქვთ ლობისტურ ორგანიზაციებზე. ლობიზმი, რომელიც დაშვებულია აშშ-ში, მაინც აქვს შეზღუდვები. თუ “ქართული ოცნება“ ამყარებს პოლიტიკას განსხვავებულ ფასეულობა და პრინციპებზე, რამდენიც არ უნდა გადაუხადონ ლობისტებს, ისინი ვერ ითავებენ ამ ინტერესების წარმოდგენას ვაშინგტონში. ეს დააზიანებს მათ პოლიტიკურ რეპუტაციას
ფაქტია, რომ ოპოზიცია სერიოზულად არის წარმოდგენილი ვაშინგტონში, “ქართული ოცნება“ კი არ არის. საელჩო არსებობს იქ და ელჩიც არ გვყავს. ალბათ, მალე ვერც დავნიშნავთ ელჩს. ყაველაშვილის ხელმოწერილი რწმუნებათა სიგელები ნამდვილად არ იქნება მიღებული ვაშინგტონში დღევანდელი განწყობების გათვალისწინებით. ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკა იქნება უფრო მკაცრი.“
18 იანვარს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორები მზად არიან საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.
ზურაბიშვილი 20 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.