თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში მოსწავლეები გაიფიცნენ
მოსწავლეები გაიფიცნენ
2 დეკემბრიდან საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში მოსწავლეები გაიფიცნენ და სკოლის მიმდებარედ საპროტესტო აქციები დაიწყეს. მოსწავლეები გმობენ იმ ძალადობას, რაც თბილისში, პროევროპული აქციების დარბევისას ხდება და ამბობენ, რომ “ახლა გაჩუმებას ვერცხლის ფასი აქვს”.
მასშტაბური საპროტესტო ტალღა საქართველოში აგორდა მას შემდეგ, რას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ოფიციალურად აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.
ამ განცხადების შემდეგ თბილისში მრავალათასიანი მიტინგები არ წყდება. უკვე ოთხი ღამეა, აქციის მონაწილეებს სასტიკად არბევენ, სცემენ, მათ წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, მხუთავ აირს, მაგრამ, აქციები არ იშლება.
- სპეცრაზმი ისევ სასტიკად არბევს აქციის მონაწილეებს. მასშტაბური პროტესტის მეორე ღამე. ფოტო/ვიდეო
- პროევროპული პროტესტი საქართველოში გრძელდება. მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ
- საქართველოს პრეზიდენტი: პროტესტი უნდა დარჩეს თავისუფალი, თვითორგანიზებით
სტატია პერიოდულად ახლდება
ამ დრომდე [2 დეკემ,ბერი, 13:00სთ] საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა 15-მდე სკოლაში (ეს სია შესაძლოა არ იყოს ზუსტი, ის გამუდმებით ზუსტდება და ახლდება):
- თბილისში – 52-ე, მე-60, 143-ე და 221-ე საჯარო სკოლებში, 199-ე (კომაროვისა) და თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლებში;
- აჭარაში – ბათუმის – მე-2 და მე-5 და მე-8 საჯარო სკოლებში და ქობულეთის 138-ე სკოლაში;
- გურიაში – ნიგვზიანის საჯარო სკოლაში;
- სამცხე-ჯავახეთში – ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში;
- სამეგრელოში – ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში;
- იმერეთში – 41-ე საჯარო სკოლაში
მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა თბილისის ილია მართლის სახელობის სკოლაშიც.
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა თავიანთი გზავნილი დაფაზე დაწერეს:
„მე-12 ა კლასი ვგმობთ და ვემიჯნებით უსამართლო რუსულ რეჟიმს, ვაპროტესტებთ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას და მოვითხოვთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას! საქართველო ევროპაა!!!„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“, – წერია დაფაზე.
ფოტოს და ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ ფოტო მოსწავლეებმა მიაწოდეს.
გარდა ამისა, 29 ნოემბრიდან გაფიცვა ოფიციალურად არის გამოცხადებული:
- თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლაში
- „მწვანე სკოლაში“
- „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“
- „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში“
- UG სკოლაში.
ამ სკოლებმა განცხადებები გაავრცელეს პროტესტის ნიშნად სწავლის შეჩერებისა და გაფიცვის შესახებ.
თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სკოლასთან გზა გადაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ ახლა აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება.
PHR: ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით
მოსწავლეების პროტესტს ეხმაურება ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ორგანიზაცია წერს, რომ:
საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ანიჭებს ყველა ბავშვს უფლებას ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით. აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბავშვებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ მინიჭებული უფლებებით.
ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, “თავი შეიკავონ ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით სარგებლობის დროს უკანონო ჩარევისგან”
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს ბავშვებს სამართლებრივი დახმარება მათი უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე და აქვეყნებს ტელეფონის ნომრებს, საჭიროების შემთხვევისთვის: 591551220; 598668806
სკოლების გარდა, სასწავლo პროცესი შეწყვეტილია რამდენიმე უნივერსიტეტშიც.
პარალელურად გრძელდება სხვადასხვა საჯარო მოხელის, ჩინოვნიკების, სხვადასხვა კომპანიების მხრიდან საკუთარი ნეგატიური პოზიციის გამოხატვა მიმდინარე პროცესების მიმართ.
გუშინ თანამდებობა დატოვა ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა. სხვა გადადგომებისა და პროტესტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: