სპეცრაზმმა აქცია დაარბია. დაკავებული და ნაცემი არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მომიტინგეები. ფოტოები
სპეცრაზმმა აქცია დაარბია
მთელი ღამის განმავლობაში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი აპროტესტებდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენებს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. ათობით მომიტინგე, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, არის ნაცემი.
ძალადობის მსხვერპლი გახდა ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელსაც, კოალიცია “ცვლილებებისთვის” ცნობით, ხელი აქვს მოტეხილი. ასევე კოალიცია “ცვლილებებისთვის” საპარლამენტო სიის პირველ ნომერს, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, აღნიშნავენ პარტიაში.
სასტიკად ნაცემები არიან ჟურნალისტები. დაკავებულია “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც დაკავების დროს, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხეს; ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნაცემია “ფორმულას” ჟურნალისტი, წამყვანი გურამ როგავა. მას აქციის დარბევის მორიგი ტალღის დროს სპეცრაზმელი უკნიდან მიეპარა და თავში ჩაარტყა. როგავა თავის ქალის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზიანებები მიიღო JAMnews-ის კორესპონდენტმა იულია კალაბანმა. მას ფეხი აქვს ნაღრძობი, ასევე სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რამაც ალერგიული რეაქცია გამოიწვია.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია პოეტი ზვიად რატიანი. მეგობრები ასევე აცხადებენ, რომ აქციიდან გაიტაცეს ჟურნალ “ფორბს საქართველოს” მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.
საპროტესტო გამოსვლებმა თბილისსა და სხვა რამდენიმე ქალაქში სპონტანურად იფეთქა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, საღამოს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” სათავო ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ გამართა ბრიფინგი, სადაც გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველო აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოს დასასანტაჟებლად იყენებს.
კობახიძის განცხადებას წინ უძღოდა რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი. რეზოლუცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს “ქართული ოცნების” ლიდერების სანქცირებას.
თავდაპირველად თბილისში მომიტინგეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბნენ – პარლამენტთან, “ქართული ოცნების” ოფისთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. საღამოს ათი საათისთვის ყველა ლოკაციიდან ხალხი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა, პროტესტი მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსთაველზე ამ წუთებშიც მობილიებულია სპეცრაზმი, კრიმინალური პოლიცია, სპეცტექნიკა.
აქციაზე იყო მისული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის არა თუ სოლიდარობას უცხადებს აღნიშნულ პროტესტს, არამედ თავად მოუწოდებს ხალხს წინააღმდეგობისკენ. პრემიერ კობახიძის ბრიფინგის დასრულებისთანავე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში სასწრაფოდ დაიბარა საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზიდენტმა ყველას ბრძოლის და წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
გამთენიისას, დაახლოებით 06:30-ზე პოლიციელების დიდი ჯგუფი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა და გზადაგზა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. ამგვარად შსს-ს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირის გაწმენდა დაიწყეს. კადრებში ჩანდა, რომ აქციის რამდენიმე მონაწილემ აფთიაქს შეაფარა თავი, სპეცრაზმი იქაც შევიდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ნიღბიანი, შავებში ჩაცმული, ზურგჩანთიანი პირები, რომლებიც გაურკვეველია, რომელ სამსახურს წარმოადგენდნენ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია ჯამში დაკავებული, თუმცა სავარაუდოდ რიცხვი რამდენიმე ათეულია.
დავით ფიფიას ფოტოები/JAMnews