პრეზიდენტი მიმართავს ხალხს, ელჩებს, ოპოზიციას: არ შეგუება, არ დანებება, ბოლომდე ბრძოლა
პრეზიდენტის განცხადება
“დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ” , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუკი ვინმეს ჰქონდა კიდევ ეჭვი და არ სჯეროდა ბოლომდე, რომ ეს ხელისუფლება საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, დღეს ყველა ეჭვი გაქარწყლდა.
“დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა”.
“მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.
დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ბრიფინგამდე სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაიბარა და ასევე ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
“მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაც ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება – ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა – ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”.
ზურაბიშვილმა ასევე ოპოზიციას მოუწოდა გაერთიანებისკენ.
“მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს – ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს”.
მან თქვა, რომ ის ბოლომდე იქნება ამ პროტესტის გვერდით, როგორც “ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის წარმომადგენელი”.
“ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად”.
ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა პოლიციას და ჯარს, რომ დადგნენ ხალხის გვერდით და არა “მოღალატეების” და “რუსების”.
პრეზიდენტმა ასევე ხალხს წინააღმდეგობისკენ და ბრძოლისკენ მოუწოდა.
“მე მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გარეთ გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში. ეს არის საზოგადოებისა და გაერთიანებული ამ ძალების [ოპოზიციის] გადასაწყვეტი. არ შეგუება, არ დანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე”.
პრეზიდენტმა ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს:
“მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დროა, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ. დროა, რომ თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს. დროა, რომ იფიქროთ იმაზე, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როდესაც თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთ ქვეყანაში, ძალიან რთულია, როცა პირობებია, როგორიცაა ვითომ ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია”.
_______________________________
28 ნოემბერს, საღამოს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” სათავო ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ გამართა ბრიფინგი, სადაც გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველო აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოს დასასანტაჟებლად იყენებს.
კობახიძის განცხადებას თბილისსა და სხვა ქალაქებში სპონტანური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისში მომიტინგეები სამ ლოკაციაზე შეიკრიბნენ – პარლამენტთან, “ქართული ოცნების” სათავო ოფისთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.