"არ დავიხევთ უკან" - ოპოზიცია აგრძელებს უწყვეტ პროტესტს. აქცია ისევ თბილისის ცენტრში დაბრუნდა
ოპოზიცია აგრძელებს უწყვეტ პროტესტს
19 ნოემბრის დარბევის მიუხედავად, ოპოზიცია არ ცვლის სამოქმედო გეგმას – გააგრძელოს “წინააღმდეგობის მოძრაობა” – ქუჩის უწყვეტი პროტესტი საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილი (იმ ქუჩის მიმდებარედ, სადაც წინა ორი დღე უწყვეტი აქცია იყო), ჭავჭავაძის გამზირის მხარეს კი ათასობით პოლიციელს ჰქონდა მოწყობილი კორდონი.
საღამოს, როგორც კი პოლიციამ გზა გაათავისუფლა, აქციის მონაწილეებმა ისევ ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის [19 ნოემბერი, 21:00სთ], ოპოზიციის პროტესტი სრული შემადგენლობით დაუბრუნდა ძველ ადგილს – თბილისის ცენტრს, ქალაქის ერთ-ერთ საკვანძო ადგილს. ქუჩა გადაკეტილია. დარბევის შემდეგ საპროტესტო აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა.
ადგილზე ჯერ არ ჩანს კარვები. ოპოზიციის ინვენტარის დიდი ნაწილი დღეს დილით, აქციის დაშლისას დააზიანეს. თუმცა, ოპოზიციური ლიდერები ამბობენ, რომ მალე აქციის მონაწილეებს ახალ კარვებს მიუტანენ და ისინი ისევ გაიშლება.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მომიტინგეები აქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან:
„არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ. გაიწევა პოლიცია, გაიწევა “ოცნება” და რუსეთიც ამ ქვეყნიდან. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. აპარატურა მალე აეწყობა და დავბანკადებით ისევ აქ“, – თქვა მან.
კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანების “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ხალხს მოუსმინოს და დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის:
„როგორც დღეს დაიხიეს უკან, ასე მოუწევთ უკან დახევა და ხელის აღება იმ სპეცოპერაციისგან, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. მივმართავ თვითმარქვია ხელისუფლებას, რაც მალე გაიგებთ ხალხის ხმას, მით ნაკლები იქნება თქვენს მიმართ ხალხის რისხვა. ასე, რომ მოისმინეთ ხალხის ხმა, ცრუ საუბარს თავი დაანებეთ პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით, დავიწყოთ მზადება ახალი არჩევნებისთვის, ახალი მენეჯმენტით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს აქ ვრჩებით, არსად არ მივდივართ, აქ ვდგავართ, სხვაგვარად არ ძალგვიძს“, – განაცხადა ვაშაძემ.
„წინააღმდეგობის მოძრაობა“ ორმა ოპოზიციურმა კოალიციამ დაიწყო – “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”. დღეს ამ კოალიციის ლიდერების გარდა, შეკრების ადგილზე გამოჩნდნენ მესამე ოპოზიციური კოალიციის, “ძლიერი საქართველოს” ლიდერებიც.
“პროტესტი აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული არჩევნები და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ამბავი მივიყვანოთ რეალურ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის სამართლიანი, ახალი არჩევნების ჩატარება.აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება. ხალხი აქ მოსულია სიმართლის დასადგენად და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა”, – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო მისი ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება. დღეს, 19 ნოემბერს მან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა. პრეზიდენტის გეგმა ასეთია: დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილება. ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.
მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრები იმეორებენ, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი შეკრება აქვთ დაანონსებული.
ოპოზიცია აგრძელებს უწყვეტ პროტესტს