ბრიტანეთმა ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა. კომენტარი
სანქციები ანატოლი ბიბილოვის წინააღმდეგ
დიდმა ბრიტანეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ექსპრეზიდენტს, პარტია “ერთიანი ოსეთის დამფუძნებელს”, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიბილოვი “ჩართულია ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას”.
ლონდონი გაყინავს ანატოლი ბიბილოვის აქტივებს, დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას და სანქციებს დაუწესებს მისთვის ნდობის სერვისების მიწოდებას.
ამასთან, ბიბილოვის გარემოცვაში უარყოფენ, რომ მას საზღვარგარეთ აქვს ქონება და ფინანსური აქტივები.
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბიბილოვი დონბასში გადავიდა. ის იბრძვის რუსეთის მხარეს, როგორც მოხალისეთა კორპუსის მეთაურის მოადგილე.
2014 წელს, როდესაც ანატოლი ბიბილოვი ჯერ კიდევ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი იყო, ცხინვალმა აღიარა ე.წ. დნრ-ისა და ლნრ-ის დამოუკიდებლობა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
2023 წელს ბიბილოვს მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებული სიმამაცსთვის, ხოლო 2024 წელს მან მიიღო ე.წ. დნრ-ის გმირის ვარსკვლავი.
- “ნებისმიერი ბიბილოვის გარდა.” როგორ მოიგო ალან გაგლოევმა ცხინვალში არჩევნები
- “დიახ, რუსეთი დამარცხდება”. ოსი სამხედროების საუბარი ბიბილოვთან
თავად ანატოლი ბიბილოვი საკმაოდ თავშეკავებულად რეაგირებს ლონდონის გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, “ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“.
”მეგობრებო, თქვენი სანქციები ვერანაირად ვერ შეგვიშლის ხელს და იცოდეთ, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება!” – თქვა ბიბილოვმა.
ექსპრეზიდენტის დასაცავად გამოვიდნენ მისი თანამოაზრეები ახლანდელი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ოსეთიდან”.
კერძოდ, პარტიის თავმჯდომარემ აცამაზ ბიბილოვმა სანქციების სიაში ანატოლი ბიბილოვის შეყვანას უწოდა „ზელენსკის რეჟიმის გარდაუვალი კოლაფსი:
“ეს არის რუსეთზე ზეწოლის პრიმიტიული მცდელობა. დასავლეთმა თავი მაღლა ასწია და გახდა ერთგვარი ჟანდარმი საერთაშორისო წესრიგში, რადგან ერევა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. და ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაური, რომლებიც მოექცნენ დასავლეთის გავლენისა და დიქტატის ქვეშ, გახდნენ მარიონეტები დასავლეთის გლობალური მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
სანქციების სიებში ანატოლი ბიბილოვის (ისევე, როგორც რუსეთის სხვა პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების) შეყვანა კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ჩვენი ამოცანაა რუსეთთან ერთად დასავლეთის ჰეგემონიის აღკვეთა და ნაციზმისგან ევროპის გათავისუფლება, რასაც, კერძოდ, ანატოლი ბიბილოვი აკეთებს“.
ამასთან, ოპოზიციონერი უკმაყოფილოა ამ საკითხზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დუმილით:
“თუ ჩვენი ხელმძღვანელობა მხარს უჭერს სპეციალურ სახმედრო ოპერაციას და სოლიდარულია რუსეთის მიმართ, რატომ არ არის დაგმობილი ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე ანატოლი ბიბილოვი შეიყვანეს სანქციების სიაში? ჩვენი სახელმწიფო ვალდებულია გაუწიოს მას პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი აზრით, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერია მხარდაჭერის ღირსი და სხვა პოლიტიკური პრეფერენციების მქონე ადამიანი მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს“.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ დონეცკელ ანატოლი ბიბილოვთან ერთად სიუჟეტიც გამოაქვეყნა.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო