"ცნობები დარღვევებსა და დაშინებაზე შემაშფოთებელია" - შოლცი, მაკრონი და ტუსკი არჩევნებზე
შოლცი მაკრონი და ტუსკი არჩევნებზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პოლიტიკურ სამიტზე, მოლდოვის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამავე სამიტზე მყოფ საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს კი არა.
სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ “საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს”
რა წერია განცხადებაში
“ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, როგორც ეს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებშია გაწერილი. კერძოდ, ცნობები მრავალ დარღვევებსა და ამომრჩევლების დაშინებაზე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესში საზოგადოების ნდობაზე, დიდად შემაშფოთებელია.
ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ყველა საჩივრისა და ცნობის სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და სიფრთხილით გამოვიკვლევთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ბოლო ანგარიშს, რომელსაც მოგვიანებით ველოდებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. დემოკრატიულ საზოგადოებებში თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ფუნდამენტური უფლებებია და [ისინი] უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ინკლუზიურ დიალოგს, რათა ეს ამოცანა ხელში იყოს აღებული.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდებოდა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საჭიროებას დაჟინებით მოითხოვდა.
სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე გეზს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერები”.
მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს დილითაც გაავრცელეს და საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდეს.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერები წერენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
“სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე გეზს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების [გატარების] მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდამჭერები.” – წერია განცხადებაში.