"წაშალე, თორემ ხელებს მოგაჭრით" - მუქარა JAMnews-ის რედაქტორს Wildberries-ის შესახებ კრიტიკული კომენტარების გამო
მუქარა JAMnews-ის რედაქტორს
სანქცირებული რუსულ ინტერნეტმაღაზია Wildberries-ის შესახებ გაკეთებული კრიტიკული კომენტარისთვის (რომელმაც საქართველოში დაიწყო ოპერირება), JAMnews-ის რედაქტორს უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
Telegram-ის მომხმარებელმა, ჩეჩნური გვარით ზელიმხან ბორაევი, “როგორღაც” გაარკვია მისი საცხოვრებელი ადგილი თბილისში, დაასახელა კონკრეტული ტერიტორია და დაემუქრა, რომ თუ კომენტარს არ წაშლიდა, მივიდოდა და „ხელებს მოაჭრიდა“.
უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი კოლეგის ვინაობას არ ვასახელებთ.
Wildberries არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც დაარსდა რუსეთში 2004 წელს ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკების მიერ. ეს უნივერსალური საცალო ქსელი ყიდის თითქმის ყველაფერს, მათ შორის ტანსაცმელს, კოსმეტიკას, საკვებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ალკოჰოლს და წიგნებს. კომპანია რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა.
Wildberries და მისი დირექტორი უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პოლონეთის შავ სიაში არიან. კომპანიის პრეზიდენტი, ტატიანა ბაკალჩუკი, გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობს ახალი ონლაინ გადახდის სისტემის შექმნაზე, რომელიც შეამსუბუქებს იმ სირთულეებს, რომლებსაც რუსული ბანკები განიცდიდნენ Swift-დან გათიშვის გამო, იუწყება Bloomberg.
23 ოქტომბერს, ქართულ სოციალურ ქსელებში, ადგილობრივ ბაზარზე რუსული კომპანია Wildberries-ის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ამის შესახებ, იმავე დღეს, დაწერა რუსული ონლაინ გამოცემის Paper Kartuli-ის ტელეგრამის არხმაც, რომელიც საქართველოდან მუშაობს. JAMnews-ის რედაქტორი ამბობს, რომ ამ არხზე, Wildberries-ის შესახებ ახალი ამბების ქვეშ, კრიტიკული კომენტარი დაწერა:
“გამოცემის ცნობით, Wildberries-მა დაიწყო ოპერირება საქართველოში, მაგრამ არ უხსენებია, რომ კომპანია ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ის მონაწილეობდა რუსეთის ომის დაფინანსებაში უკრაინის წინააღმდეგ. კომენტარში დავწერე, რატომ გაჩუმდნენ ამ მნიშვნელოვან ფაქტზე და დავსვი კითხვა: როგორ წერენ ასეთ ამბებს ქვეყანაში ყოფნისას, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული?”
ამ კომენტარიდან 20 წუთის შემდეგ ვინმე ზელიმხან ბორაევმა JAMnews-ის რედაქტორს პირადად მისწერა:
“წაშალეთ შეტყობინება Wildberries-ის შესახებ, თორემ ხელებს მოგაჭრით, რომ აღარ დაწეროთ. შენ ****-ზე ცხოვრობ ხო,“ – წერს ზელიმხან ბორაევი.
JAMnews-ის რედაქტორი ამბობს, რომ მომდევნო მესიჯში მან უკვე მისი საცხოვრებელი ადგილი დაუსახელა:
“იმის გათვალისწინებით, რომ Paper Kartuli-ის ჩატშია, ბორაევი ალბათ საქართველოშია“, – ვარაუდობს იგი და დასძენს, რომ თავდაპირველად „Paper Kartuli-ს” დაუკავშირდა, მაგრამ მათ მხოლოდ სინანული გამოხატეს და განაცხადეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მათ მომხმარებლებს ემუქრებიან.
JAMnews-ის რედაქტორმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.
“მე და ჩემმა კოლეგამ ოთხი საათი გავატარეთ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში. მოვყევით ამბის ყველა დეტალი. პოლიცია დაგვპირდა რომ საქმეს გამომძიებელს გადასცემს. ველოდებით. მეორე დღეს, მე ასევე დავუკავშირდი უკრაინის საკონსულოს [JAMnews-ის რედაქტორი უკრაინელია], ჩემი ფრანგი მეზობელი კი თავის საელჩოს. ვცდილობდით ამ ფაქტის შესახებ ყურადღების მიპყრობას“, – ამბობს იგი.
ბორაევის მუქარის გაგზავნისთანავე მან წაშალა მიმოწერა და ავატარზე დადო სკრინშოტი რუსული მემიდან.
JAMnews-ის რედაქტორმა, საერთაშორისო მედიაში მომუშავე კოლეგების დახმარებით, მუქარის ავტორის ვინაობის გარკვევა სცადა.
”აღმოჩნდა, რომ მან რამდენჯერმე შეიცვალა სახელი Telegram-ზე. ადრე მას ეძახდნენ გენერალ ივონკერს (General Ivonker) და შუტცშტაფელს (SchutzStaffel). მისი ანგარიში რეგისტრირებულია 2022 წლის აპრილიდან და ის იყო ჩამოთვლილ ჯგუფებში “Rusi u Zemunu” და “Toyota Celica Russia”. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი სერბეთში ცხოვრობდა, რადგან აქტიური იყო რუსული დიასპორის ადგილობრივ ჩეთებში“.
ამ ამბავში ჩეჩნური კვალი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ჩეჩნები, კადიროვის მეთაურობით, აქტიურად არიან ჩართული კორპორატიულ დავაში კომპანიის “რეორგანიზაციის” შესახებ, რაც Wildberries-ის კომპანია Russ-თან შერწყმამ განაპირობა.
ამ საქმეში რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები არიან ჩართული, მათ შორის, თავად პუტინი. 2024 წლის 18 სექტემბერს მოსკოვში Wildberries-ის სათაო ოფისში შეიარაღებული კონფლიქტი და სროლა მოხდა კრიმინალურ ჯგუფებს შორის. მაშინ ორი მესაზღვრე დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამ მოვლენებში აქტიურად ჩაერთნენ ჩეჩნებიც.
JAMnews დიდი ყურადღებით ელის საქართველოს პოლიციის მიერ ჩვენი რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგებს.