"თურმე, გეგმავდნენ ივანიშვილისა და ოცნების ლიდერების მკვლელობას" - ხელისუფლება სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა
სუს-ში მიმდინარე გამოძიება
სამთავრობო მედიები, “POS TV”, “რუსთავი 2”, “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აცხადებენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.
მედიების ვარაუდები ეყრდნობა 23 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსული ქართველი მებრძოლის, გელა კახაბრიშვილისა და მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განაცხადებას, რომლის მიხედვით, გამოძიება სუს-ში მათ შორის იმაზე მიმდინარეობს, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელება და ამ გზით ხელისუფლების გადატრიალება იგეგმება.
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “თურმე”, გეგმავდნენ ივანიშვილისა და ოცნების ლიდერების მკვლელობას.
სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სავარაუდო ტერაქტის მომზადების შესახებ საუბარი დაიწყეს “ქართული ოცნების” სხვა წევრებმაც. დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ ოპოზიცია “ყველაფერზეა წამსვლელი.”
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მოხალისედ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაკითხვა დაიწყო. გამოკითხულთა შორის “ქართული ლეგიონის” უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.
საბოლოო ჯამში, სუს-ში დაბარებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე გაიზარდა.
როგორც უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა The The Insider-ს განუცხადა, საქართველოში უკრაინაში მებრძოლი 300-მდე ადამიანი იძებნება, მისივე თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. ამასთან, მამულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხმალაძესა და ჭიღლაძეს არ იცნობს და ისინი, სავარაუდოდ, სხვა დანაყოფების შემადგენლობაში იბრძოდნენ.
“რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს ქვეყანა დაეტოვებინათ. სპეცსამსახურებმა მათ უთხრეს: ”აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ”.– ამბობს მამუკა მამულაშვილი.
რა თქვა მამუკა მდინარაძემ
“პირველი 3 დღე იცოდნენ, რომ გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ თავად მოწმეები, მათი უფლებადამცველები და ნაცმოძრაობის ტელევიზიები აქცენტს მაინცდამაინც შეთქმულების მუხლზე აკეთებდნენ და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ […] ყველა საქმის კურსში იყო, გამოძიება რას ეხებოდა – რომ თურმე, გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით, სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა აღარაფრის შანსი რომ აღარ აქვთ. არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი. და მაინცდამაინც ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ”. – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
კომენტარი
“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ომის ვეტერანების გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა:
“ეს არის ყველანაირი, ადამიანური და სახელმწიფოებრივი ღირსებისგან დაცლილი მოღალატეების პიარ-კამპანია.
არაფერს რეალურად არ იძიებენ. რეალურად გამოძიება თუ გინდა და თუ ეჭვი გაქვს, რომ ვიღაც უკანონობას აპირებს, ასეთ პიარს არ ატარებ.
ეს არის მათი გზავნილი, ვითომ არეულობას ებრძვიან და გლობალურ ომის პარტიას – ამის გამო შეურაცხყოფას აყენებენ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.
ჩვენი მტრების, ვინც გენოციდი მოგვიწყო 90-იანებში, ვინც გვბომბავდა, ვინც ხალხი მოგვიკლა, ვინც ჩვენს არსებობას და ჩვენს ოჯახებს საფრთხეს უქმნის, იმ მტრის წინააღმდეგ არასდროს, არცერთი დაკითხვის შესახებ არ გაგვიგია.
მათი სამიზნე არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერ ფასად – ქვეყნის, ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად და ამის პიარს ვხედავთ ახლა ჩვენ.”
წინაისტორია
მიმდინარე წლის 7 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გადატრიალების, “ევრომაიდნის” სცენარით გეგმავს. განცხადება СВР-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ის დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექსტი ოფიციალური განცხადებისთვის ზედმეტად მხატვრული ენითაა დაწერილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსულ მხარეს უპასუხა და აღნიშნა, რომ რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია.
დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება 2023 წლის სექტემბერში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. მაშინაც საუბარი იყო “ევრომაიდანზე” და “გარედან მომავალ საფრთხეებზე”, გადატრიალების კონკრეტულ ორგანიზატორებად კი დასახელებული იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში მომუშავე და უკრაინაში მყოფ ეთნიკურ ქართველები:
გეგმის ავტორად დასახელდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო;
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი;
სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამ საქმის გამოძიების შესახებ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.