"ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება" - ჰერჩინსკი
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი MOVEMENT-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ასევე, მისი თქმით, ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
“ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობებით.
ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები.
ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით და ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი.
ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში.” – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.
რა უნდა ვიცოდეთ “აგენტების კანონზე” – მოკლედ
● კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
● ხელისუფლებამ კანონი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
● კანონის მიღების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ სანქციებზე საუბრობს აშშ. 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ფინანსური სანქციები იქნება ასევე გათვალისწინებული სენატისა და კონგრესის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში.
● კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა აქვს ამერიკასაც და ასევე რიგ ევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საფრანგეთსაც. “ქართული ოცნების” განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავი უცხო გავლენისგან და მოსთხოვოს ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის შედარება ამერიკულთან და ევროპულთან მცდარია და აი რატომ – კონკრეტული არგუმენტები:
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
იგივე, საფრანგეთში, სადაც “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონი ასევე აქვთ, პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა ანუ მოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი დათქმა არ წერია “ქართული ოცნების” კანონში და შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ ურტყამს სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
მეორე ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც “უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ” კანონებს ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ახლავს ხოლმე, ეს არის შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იგივე FARA-ში, რომელსაც ედრება “ოცნება”, წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს. “ქართული ოცნების” ვარიანტში კი არც ამ ტიპის ჩამკეტი მექანიზმია გათვალისწინებული.
გამოდის რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო რუსულის ანალოგია. ამიტომ მას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან. რუსული ვარიანტიც პირველ რიგში სწორედ მედიაორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს შეეხო. დღეს რუსეთში დახურულია ყველანაირი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უნგრეთში როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს, ის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გააუქმა. ეს კანონი უნგრეთში პირდაპირ იყო მიმართული მედიის გასაჩუმებლად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად.
მსგავსი შეზღუდვის დაწესება მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორს იცვლის, რაზეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ.
მრავალათასიანი მიტინგების მთავარი ლოზუნგიც სწორედ ეს არის – “კი ევროპას, არა – რუსეთს!”
კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, ამოქმედდება, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, მაშინ როდესაც მზად იქნება სპეციალური რეესტრი, სადაც “უცხო ქვეყნის აგენტი” ორგანიზაციები საკუთარი ხელით უნდა დარეგისტრირდნენ.
“აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნის გრანტებია. პატარა, ღარიბ ქვეყანაში – საქართველოში – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.
ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში უკვე 33 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ნებისმიერ სფეროში – დაწყებული ჯანდაცვით და ინფრასტრუქტურით, დასრულებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” და “უცხოურ ძალად” რეგისტრირებაზე, რასაც ავალებს მათ კანონი. ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი იარლიყი: “ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გვერქვას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი?”, კითხულობენ ისინი.
ამდენად, ბევრი პატარა ორგანიზაცია უკვე აკეთებს განცხადებებს გარდაუვალ დახურვაზე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფეა თრიიზ ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებენ. ეს კლინიკა არასრულწლოვანებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა.
ან მაგალითად, ასევე განცხადება გაავრცელეს ცხოველთა დამცველებმა – მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების თითქმის ასი პროცენტი უცხოურ გრანტებზე არსებობს და თუკი ამ კანონს მიიღებენ, ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება.