RFE/RL: აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია
“რადიო თავისუფლების” ანონიმური წყარო
“რადიო თავისუფლება” ვაშინგტონიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია”.
წყაროს ცნობით, MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რადგანაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული რუსული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.
გამოცემას წყარო უყვება, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში “რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის” შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის ქართული ოცნების ნარატივს, რომ თითქოს ის “უცხოური აგენტების” კანონპროექტით ქვეყნის “სუვერენიტეტს” იცავს.
“რადიო თავისუფლების” წყაროს მიხედვით, MEGOBARI Act-ის კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, წყარო ამბობს, რომ MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში, საკითხზე გადაწყვეტილება, მათ შორის სანქციებზე, ასევე რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხზე, შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.
“სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.
ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს ‘უცხოური აგენტების’ კანონპროექტით.” – ეუბნება წყარო “რადიო თავისუფლებას”.
● “ქართული ოცნება” MEGOBARI Act-ზე: ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, შანტაჟის ენით გვესაუბრებიან
● “ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობა, უსაფრთხოება” – ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველო აშშ-სგან მსხვილ პაკეტს მიიღებს
● Politico: კონგრესში “ქართული ოცნების” დეპუტატების სანქცირების კანონპროექტს დღეს წარადგენენ
ანტიდემოკრატიულ კურსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.
კანონპროექტის თანახმად ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი ხელისუფლება მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებათა კუთხით უკან აღარ დაიხევს.
აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან “სანდო შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საკვანძო პოლიტიკური კრიტერიუმები დაცული იქნება.
სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესების გარდა, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს “უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს”.
შემოთავაზების საპასუხოდ, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ქართველებს შანტაჟის ენით ესაუბრებიან.