საქართველოს პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა - ირაკლი კობახიძე ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრია
ირაკლი კობახიძე ახალი პრემიერმინისტრია
ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალი პრემიერმინისტრია, პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. როგორც პირველ თებერვალს კობახიძემ თქვა, ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა.
პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას დაჩქარებულად მოაწერა ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ეს გადაწყვეტილება კი იმით განმარტა, რომ “სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება.”
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კითხვაზე, ახლა მაინც თუ აპირებს ჩასვლას საოკუპაციო ხაზთან [მას ნათქვამი აქვს, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის – JAMnews], პასუხობს, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა. მისივე თქმით, ადგილზე ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გადაიჭრას მათ წინაშე არსებული პრობლემები.
როგორც საქართველოს ახალი პრემიერი ამბობს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რჩევები მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან “ის არის გროსმაისტერი პოლიტიკაში.”
“მას შეუძლია წინასწარ გათვალოს 10-15-20 სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არამარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი რჩევები ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.” – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის თანამდებობაზე კობახიძის წარდგენისთვის. ბექა ოდიშარიას თქმით, კობახიძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობას იმგვარად გაართვა თავი, რომ დღეს პარტია შეკრული ოჯახია და ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად მზადაა.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ იყო მომენტები, კობახიძის ფაქტორი რომ არა, პარტიაში მდგრადობა უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა:
“პირადად ირაკლი კობახიძე იყო ოპოზიციის ნომერ პირველი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა.”
● კითხვების მთავარი ადრესატი ივანიშვილია, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას” – პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტს
● ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, დასაქმება და სხვა პრიორიტეტები
● “ივანიშვილმა თამაშიდან გაიყვანა ღარიბაშვილი, მაგრამ პოლიტიკურ სიტუაციას არ მოწყვიტა” – რას ფიქრობენ ექსპერტები პრემიერის გადადგომაზე
მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად პირველ თებერვალს წარადგინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყრილობაზე გამოცხადდა. კობახიძის კანდიდატურა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა.
კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა, სადაც კობახიძე ჩაანაცვლა. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
ყრილობის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ თქვა, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის სამი წელი იყო “განსაკუთრებით წარმატებული” ამიტომ, ის არ აპირებს მთავრობის შეცვლას.
კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ 97 გვერდიან სამთავრობო პროგრამაში ოთხი მთავარი მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა.