სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა სომხებმა თავიანთი ქვეყნისთვის 10 მილიონი დოლარი შეაგროვეს
სრულიად სომხების ფონდ „აიასტანის“(სომხეთი) 22-ე ტელემარათონის დროს 9 856 100 დოლარი შეგროვდა. ეს ყველაზე მინიმალური თანხაა, რაც ფონდის არსებობის ყველა წლის განმავლობაში ტელემარათონებზე აქამდე შეგროვილა.
შედარებისთვის, გასულ წელს შემოწირულობების თანხამ 11 109 633 დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 12 505 456 დოლარი შეგროვდა.
ბევრის აზრით, შემოწირულობების თანხის ნაკლებობა ფონდ „აიასტანის“ ყოფილი ხელმძღვანელის გარშემო ატეხილი სკანდალის შედეგია. 2018 წლის ივლისში არა ვარდანიანი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.
ყველაფერი ფონდის, მისი პროგრამებისა და იმ სკანდალის შესახებ, რომელიც მის ყოფილ ხელმძღვანელს უკავშირდება.
• ინტერვიუ სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერის ცოლთან
• სომხეთის მთავარი საყრდენი – დიასპორაა
ფონდის შესახებ
სრულიად სომხების ფონდი „აიასტანი “ სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ 1922 წელს დაფუძნდა – საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მთავარი ამოცანა მთელი მსოფლიოს იმ სომხების გაერთიანებაა, რომლებიც მზად არიან, ძალისხმევა გასწიონ და ფინანსური შემოწირულობები გაიღონ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის განვითარებისთვის.
ტელემარათონების ჩატარება ლოს-ანჟელესში 1996 წელს დაიწყეს. ის თანხები, რასაც მთელი მსოფლიოს სომხები ფონდის ანგარიშზე რიცხავენ, სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროგრამის განვითარებას ხმარდება. ეს არის გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, წყალსადენებისა და გაზის სადენების მშენებლობა, საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება.
ფონდის სახსრები შედგება:
• ყოველწლიური საქველმოქმედო ტელემარათონებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება;
• საქველმოქმედო სადილებზე, კონცერტებსა და გამოფენებზე გაღებული თანხებით;
• საფოსტო და SMS-გადარიცხვებით;
• ფონდის სასარგებლოდ დატოვებული ანდერძებითა და მიზნობრივი ინვესტიციებით.
წელს 22-ე ტელემარათონი ჩატარდა დევიზით „მშობლიური სომხეთისთვის: ცოცხალი წყალი და მზე თემებს“. შეგროვილი ფული წყალმომარაგების პროგრამის განხორციელებას და იმ პროგრამას მოხმარდება, რომელიც მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის სამი ოლქის – შირაქის, ლორისა და ტავუშის მაცხოვრებლებს მზის ენერგიის გამოყენების საშუალებას მისცემს.
სკანდალი ფონდის გარშემო
ფონდის ყოფილი დირექტორი არა ვარდანიანი სამართალდამცავმა ორგანოებმა 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. მან იმ საბანკო ბარათის გამოყენება აღიარა, რომელიც ფონდს სხვადასხვა მიზნისთვის გადაეცა. საუბარია 25 მილიონი დრამის ოდენობის( 55 ათასი დოლარი) საკრედიტო ხაზზე.
ბრალდების თანახმად, ვარდანიანმა ეს თანხა სხვადასხვა ონლაინ-კაზონოებში ფსონების დასადებად დახარჯა.
ვარდანიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 3 ივლისს გაჩნდა. უკვე 5 საათზე, ცნობილი გახდა, რომ სრულიად სომხეთის ფონდის „აიასტანის“დირექტორი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდებით, ერთი მილიონი დრამის (ორ ათას დოლარზე ოდნავ მეტი) სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.
სხვათა შორის, მიუხედავად ვარდანიანის აღიარებისა იმის თაობაზე, რომ ის ფონდის ბარათიდან ფულს ხარჯავდა, მისმა ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედების მართლზომიერების შესახებ განაცხადა, ვინაიდან ის ფულს „დადგენილ ვადებში“ აბრუნებდა.
„ვარდანიანი ფონდის სახსრებს არ ისაკუთრებდა და არ ხარჯავდა. ფონდის სახელზე გაფორმებული საკრედიტო ხაზის საბანკო ბარათიდან განხორციელდა გადახდები, მათ შორის -ვარდანიანის პირადი საჭიროებებისთვის. თუმცა, მთელი ეს ფული რამდენიმე დღის განმავლობაში მისი პირადი სახსრებით ბანკის ანგარიშზე ბრუნდებოდა“, – დაწერა თავის Facebook-გვერდზე ვარდანიანის ადვოკატმა ერვანდ ვაროსიანმა.
ადვოკატის თქმით, ვარდანიანის ქმედებებით არც ბანკი, და არც ფონდი არ დაზარალებულა, ხოლო მთელი მსოფლიოს სომხების მიერ შეგროვილი სახსრები მიზნობრივად დაიხარჯა, და არა დირექტორის პირადი საჭიროებებისთვის.
პრემიერ-მინისტრის რეაქცია სკანდალზე
კორუფციული სკანდალის გამოვლენაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მოახდინა რეაგირება
საკუთარ Facebook-გვერდზე მთავრობის მეთაურმა დაწერა, რომ სრულიად სომხების ფონდ „აიასტანთან “ დაკავშირებული მოვლენები სომხეთისადმი დიასპორის ნდობას მხოლოდ აამაღლებს.
„ჩვენ ვამტკიცებდით და კვლავაც დავამტკიცებთ, რომ ბოროტად სარგებლობის რაიმე გამოვლინებას არ დავუშვებთ“, – წერს პრემიერი.
მოულოდნელი „ჩელენჯი“ პრემიერ-მინისტრისგან
წელს ყოველწლიური მარათონის პირდაპირი ტრანსლაციის დროს პრემიერ-მინსიტრმა ფაშინიანმა სამ ცნობილ დიასპორელ სომეხს:რეალიტი-შოუს ვარსკვლავ კიმ კარდაშიანს, პოპულარულ როკ-მუსიკოს სერჟ ტანკიანსა და ვებგვერდ Reddit-ის დამფუძნებელ ალქსის ოგანიანს მოულოდნელი „ჩელენჯი“(გამოწვევა) გაუგზავნა.
გამოწვევის არსი ისაა, რომ სამივე მათგანმა მთავრობის მეთაურის მაგალითს უნდა მიბაძოს და ყოველთვიურად საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ფონდს 10 ათასი დრამი ($23) უნდა შესწიროს. საამისოდ ფონდის ვებგვერდზე არსებობს საგანგებო ფუნქცია, ანუ გადარიცხვა თავად მხოლოდ ერთხელ უნდა განახორციელონ – და აღნიშნონ, რომ ეს ყოველთვიურად მოხდეს. ამავდროულად პრემიერმა მის მიერ შერჩეულ ადამიანებს შესთავაზა, რომ ეს ჯაჭვი გააგრძელონ და თითოეულმა მათგანმა ეს გამოწვევა კიდევ სამს გაუგზავნოს.
ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებას უკვე გამოეხმაურნენ და დათანხმდნენ სერჟ ტანკიანი და ალექსის ოგანიანი.
მეტიც, ტანკიანმა ჩელენჯის გადაცემა უკვე თავის სამი მეგობრისთვისაც მოასწრო: ჰოლივუდის პროდუსერი ერიკ ისრაელიანისთვის, იუმორისტი ვაგე ბერბერიანისა და მსახიობი ანჟელა სარაფიანისთვის.
ტანკიანს ეს წამოწყება მოეწონა, და თავის მეგობრებს ქველმოქმედთა წრის გაფართოებისკენ მოუწოდა:
„შემოგვიერთდით და ასევე მოიქეცით“.