საქართველოს პრეზიდენტი: ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა
სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეზე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, „ყველაზე დიდ უბედურებაა“ რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“ არ შესულა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან ფარცხალაძის სანქცირებაზე შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს არ ითხოვს, რადგან ყველაფერი ნათელია, რომ გამოძიება ახლა სწორედ საქართველოშია ჩასატარებელი. პრეზიდენტი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ვინც პასუხისმგებელია“ სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს.
„აქ ისრების გადატანა არ გამოვა, ნათელი არის სად არის პასუხისმგებლობა. მე იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ, მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
● პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს
● ოთარ ფარცხალაძეს ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს
● უკრაინა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ითხოვს
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესება ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობას და რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას უკავშირდება. პაკეტის ოფიციალურად გამოცხადებამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [“ეფესბე”] ოთარ ფარცხალაძესთან მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. რომელიც, სავარაუდოდ, “თავის თანამზრახველ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში” დაეხმარა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოფილ გენერალურ პროკურორს და აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. მას ყველა ანგარიში გაუყინეს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.