ყარაბაღი არაღიარებული ტერიტორიების სპორტულ ტურნირს მასპინძლობს
ConIFA-ს ეგიდით მიმდინარე არაღიარებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ყარაბაღში 1-9 ივნისს ტარდება.
მონაწილეობას იღებს არაღიარებული ან ნახევრად აღიარებული რესპუბლიკების რვა გუნდი. ყველა მათგანისთვის ConIFA-ს ტურნირები შეჯიბრის ერთადერთი შანსია, რადგან მათ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე მოხვედრა არ შეუძლიათ.
რა არის ConIFA, ვინ მონაწილეობს, რა მოწოდებებია, როგორ ხვდება ტურნირს სტეფანაკერტი — ყველა დეტალი მოკლედ:
რა არის CONIFA
ConIFA იშიფრება როგორც დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია. ის 2013 წელს შეიქმნა და იმ ნაკრებებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას გულისხმობს, რომლებიც ფიფას ან კონტინენტური კონფედერაციების შემადგენლობაში არ შედიან – რადგან ეს ტერიტორიები ფართო საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული არ არის.
• როგორ ჩატარდა აფხაზეთში სპორტულ ტურნირთა შორის ყველაზე პრესტიჟული და უცნობი ConIFA-ს ტურნირი
• რატომ არ არის აფხაზეთში კინოთეატრები?
ConIFA თავისი ასპროცენტიანი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს, მსოფლიო თასის და ევროპის თასის ტურნირებს ატარებს და დღესდღეობით 40 ნაკრებს ითვლის.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა შვედეთში, ქალაქ ლულეოში მდებარეობს.
სამზადისი
სტეფანაკერტში არაღიარებული ფეხბურთის შემოყვანა ერთი წლის წინათ გადაწყდა, და მას შემდეგ ყარაბაღში ტურნირისთვის აქტიურად ემზადებიან.
ერთჯერადი ტურისტული ვიზის გადასახადი ყველა ჩამომსვლელისთვის გააუქმეს. მატჩები ოთხ ქალაქშია განაწილებული და ერთ წელიწადში ოთხი სტადიონი სრულიად მოაწესრიგეს. სპორტსმენებისთვის, მსაჯებისა და ჟურნალისტებისთვის გამოყოფილია 11 სასტუმრო.
ასევე ხელისუფლებამ ადგილობრივ მაცხოვრებლებს პროგრამა „სტუმართმოყვარე ოჯახში“ მონაწილეობის მიღება და შინ სტუმრების მიწვევა შესთავაზა. ამ მოწოდებას 60-ზე მეტი ოჯახი გამოეხმაურა.
გურგენი – ერთ-ერთი მათგანია, ვინც პროგრამაში ჩაერთო. ის ამაზე დაითანხმა თავის ვაჟმა სამველმა, რომელიც ფეხბურთით არის გატაცებული.
„აქ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც დასავლეთ სომხეთს წარმოადგენენ“ [ოფიციალურად — რეგიონი აღმოსავლეთი ანატოლია თურქეთში — JAMnews]. „თითქოს ყველანი სომხები ვართ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სომხურ ენაზე ვლაპარაკობთ და მუდმივად ინგლისურად ლაპარაკზე გადავდივართ. სამაგიეროდ, ახლა ორი გუნდი მყავს, რომლებსაც ვგულშემატკივრობ – „არცახი“ და „დასავლეთი სომხეთი“, – გვიყვება სამველი გზად სატდიონისკენ.
სტუმრები და მასპინძლები
ყარაბაღის გუნდთან ერთად ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს. სხვადასხვა მიზეზით, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა [არაღიარებული რესპუბლიკები, რომლებსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა უკრაინის ნაწილად მიიჩნევს— JAMnews], ასევე დნესტრისპირეთმა.
მონაწილეთა შორის არის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკები – აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ჩამერიის დროშით ჩამოვიდნენ ასევე ალბანები, იტალიელები – პადანიის ეგიდით, რუმინელები სეკეის მხარიდან, და უფრო ლაპლანდიის სახელით ცნობილი საპმის წარმომადგენლები.
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მონაწილეა – დასავლეთი სომხეთის ნაკრები [ოფიციალურად — რეგიონი აღმოსავლეთ ანატოლია თურქეთში — JAMnews]. ამ რეგიონს ტერიტორია არ გააჩნია, მაგრამ ჰყავს პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფო ჩინოვნიკები. ამ ნაკრებში ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის მსხვერპლთა, და ამჟამად მთელ მსოფლიოში გაბნეული შთამომავლები თამაშობენ.
გუნდების დონე საკმაოდ განსხვავებულია. ჯგუფური ეტაპის თამაშების მიხედვით ჩანს, რომ ძლიერი ნაკრები გუნდები ჰყავთ – აფხაზეთს, პადანიას და საპმის, აქ თავმოყრილები არიან საკმაოდ პროფესიონალი ფეხბურთელები, რომელთაგან ზოგიერთი აღიარებულ სოლიდურ ჩემიპონატებში მონაწილეობს.
გახსნის ცერემონიალს ორი დელეგაცია ესწრებოდა – ერთი სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის მეთაურობით, მეორე – აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
ConIFA-ს ჩემპიონატი ყარაბაღში დღესასწაულივით ტარდება. გახსნის ცერემონიალსა და ყველა მატჩზე დასწრება უბილეთოდ ხდება. მოხალისეები ქალაქში ექსკურსიებს ატარებენ.
გახსნის ცერემონიის ვარსკვლავები გახდნენ ცნობილი ფრანგული მუსიკალური ჯგუფი Gipsy Kings და ცნობილი სომეხი მომღერალი სირუშო. ის ყარაბაღში განსაკუთრებულად პოპულარულია. სირუშო – სომხეთის მეორე პრეზიდენტის, წარმოშობით ყარაბაღელი რობერტ კოჩარიანის რძალია.
მთლიანობაში გახსნის ცერემონიალს ათი ათსზე მეტი ადამიანი დაესწრო. ზუსტად ამდენს იტევს სტეფანაკერტის სტადიონი, მაგრამ მაყურებლები ირგვლივ ყველგან იყვნენ – მახლობლად მდებარე სახლების სახურავებსა და ახლომახლო კაფეების აივნებზე.
ტურნირის ფინალი ცხრა ივნისს გაიმართება, ფავორიტებად აფხაზეთისა და პადანიის ნაკრები გუნდები მიიჩნევიან.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე – სხვა მიზეზების გამო, ეთიკურად მიუღებელი
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო