“დავაბრუნოთ საზოგადოება რეალობაში”. რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს მორიგი ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “იმედს”, რომელშიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოების მიერ ქვეყანაში არსებული ვითარების არასწორად აღქმაა. მისი აზრით, მთავრობა ეფექტურად მუშაობს. საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კი სერიალების და ფილმების გადაღება იგეგმება.
რეალობაზე
მმართველი პარტიის თავმჯდომარის აღიარებთ, საზოგადოების განწყობა ქვეყანაში “არის ძალიან მძიმე”, რაც ქართული ოცნების შიგნით მსჯელობის საგანი გახდა. ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ უცხოური კომპანიისთვის დაკვეთილმა კვლევამ საზოგადოებაში “ნიჰილიზმი და სასოწარკვეთილება” გამოავლინა.
• ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისთვის
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
მისი თქმით, “მთავრობა სწორად და კარგი შერჩეულია” და ეფექტურია. მოსახლეობამ კი მისი ძალისხმევით “დიდი შეღავათები მიიღო” – როგორც ჯანდაცვის, ასევე სხვა პროგრამებიდან. საზოგადოების უკმაყოფილება კი ივანიშვილმა ორი მიზეზით ახსნა – რომ “კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი”, ასევე სიცრუით, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე,როგორიც არის განცდა და აღქმა მისი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ეკონომიკაზე
ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონიმიკური პრობლემების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოქმედმა მთავრობამ “დანგრეული ეკონომიკა მიიღო”, მაგრამ ბოლო 7 წელია, მთავრობის წყალობით, “ჩვენ სტაბილურად ვახერხებთ განვითარებას”.
“სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით ყველაზე მეტი ბოლო 21 წელში მოვახერხეთ, რომ პრაქტიკულად, სამოქალაქო ომის დროს ეკონომიკა დავანგრიეთ, შემდეგ ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან. გვყავს უამრავი დევნილი და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. ამ ყველაფრის მიზეზი გამოუცდელობა იყო, რადგან ბოლო 100 წელი საკუთარ სახელმწიფოს ვერ ვმართავდით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
სასამართლოზე
სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მიზეზადაც ივანიშვილმა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაასახელა:
“ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული სასამართლო და პროკურატურა მივიღეთ. დღესაც პროკურატურაში პროკურორები არიან ადეიშვილის მიერ დანიშნული პროკურორები და სასამართლოშიც ნახევარზე მეტი”.
ამავე დრო მან აღნიშნა, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებს, როლებმაც პროტესტი სასამართლოში არსებული მდგომარეობის გამო გამოთქვეს, ხუთი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. დღეს კი, მისი თქმით, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები ერთიანი ფრონტით გამოდიან ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელებიც ივანიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა:
“როდესაც ამაღლებული და მასიური შეტევა მიდის “ნაციონალური მოძრაობისა“ და „ენჯეოების“ მხრიდან, რომ როგორმე დაიბრუნონ სასამართლოზე მართვა, რატომღაც იმ (დეპუტატების) სამეულის თუ ოთხეულის პოზიცია უნისონში მოდის ამ მცდელობასთან და იგივე პოზიციას იმეორებენ სასამართლოზე და მოსამართლეებზე”.
სერიალებზე და კინოზე
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც, ივანიშვილის აზრით, ქვეყნის წინაშე დგას, ტელევიზიაში გასული გადაცემების ხარისხია:
“ჩვენს მედია სივრცეს თუ ანალიზს გავუკეთებთ – ბოლო რამდენიმე დღე ჩვენ ბჭობა გვქონდა გუნდში – იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა რომ ბილწსიტყვაობა უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, ეს მდარე სერიალები და გადაცემები (არის მიზეზი, რომ) ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ”.
მისი თქმით, ეს პრობლემა გაცილებით გლობალურია, ვიდრე თუნდაც 2020 წლის არჩევნები და შედეგად შეიძლება “გამოთაყვანებული საზოგადოება მივიღოთ”. გამოსავალს ივანიშვილი ახალი სერიალების გადაღებაში და კინოინდუსტრიის განვითარებაში ხედავს:
“გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების გადაღება, მათ რიცხვში, სერიალებისაც და ისტორიული სერიალებისაც. ჩვენ გვაქვს გენიალური ისტორია”.
მიგრაციაზე
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობს:
“თუ ეს პროექტი გამოვიდა და დიდი ალბათობით გამოვა, ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში გადამზადდება და ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. იაფ ფრენებსაც დავამატებთ, რომ თვეში ერთხელ სახლში დაბრუნდნენ”.