გია ნოდიას თვალსაზრისი: რა ხდება "ქართულ ოცნებაში"? " />

ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისთვის

გია ნოდიას თვალსაზრისი: რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

პარტია „ქართული ოცნება“ ერთგვარ კრიზისშია. იანვრიდან მოყოლებული, შვიდმა დეპუტატმა უკვე დატოვა მისი ფრაქცია პარლამენტში და არსებობს მოლოდინი, რომ მათ სხვებიც მიბაძავენ. „ოცნებას“ მაინც ძალიან მყარი უმრავლესობა რჩება (საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ამ ეტაპზე ბევრს არაფერს ნიშნავს), მაგრამ განხეთქილება ეჭვებს აჩენს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ლიდერის, უნარების მიმართ – პარტია კი მთლიანად ამაზეა დამოკიდებული. რატომ აირია მონასტერი, და რამდენად სახიფათოა ეს პროცესი მმართველი პარტიისთვის?

მოსამართლეების საქმე

უშუალო საბაბი ყველას გვახსოვს. დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა უარყო უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია, რომელიც იუსტიციის საბჭომ დასამტკიცებლად გამოუგზავნა. ეს მოხდა პარლამენტის ხელმძღვანელობისა და, საყოველთაოდ გაზიარებული ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის მიუხედავად.

 გია ნოდიას თვალსაზრისი: რა გავიგეთ ამ არჩევნებით?

სიის მიმართ შიდა ოპოზიციას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით მან მომხრეების ჯგუფთან ერთად შემოიტანა კანონპროექტი, რისი ძალითაც უზენაესი სასამართლოს წევრთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის ბოლომდე უნდა გადავადებულიყო. როცა კანონპროექტი პარლამენტში დამარცხდა, მმართველი პარტია ჯერ ბესელიამ და შემდეგ სხვა დეპუტატებმა დატოვეს.

ფონი, რაზეც ეს ყველაფერი მოხდა, განმარტებას მოითხოვს. იგულისხმებოდა, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას უნდა დაეგვირგვინებინა სასამართლოს რეფორმის რამდენიმე ტალღა, რომლებიც ჯერ კიდევ ორი მთავრობის უკან, ედუარდ შევარდნაძის ხანაში დაიწყო და არსებითად დემოკრატიული დასავლეთის რეკომენდაციებს მიყვებოდა.

თეორიის მიხედვით, მოსამართლეების მერიტოკრატიული კრიტერიუმებით შერჩევა, მათთვის კარგი ხელფასების დანიშვნა, მათი შერჩევის პროცესიდან პოლიტიკოსების გამორიცხვა და მერე უვადოდ გამწესება მათ დამოუკიდებელს და კეთილსინდისიერს გახდიდა. ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია. იუსტიციის საბჭომ უკვე უვადოდ გაამწესა მოსამართლეთა დიდი ნაწილი, დარჩა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრების დადგენა, რასაც პარლამენტის დასტური სჭირდება.

იუსტიციის საბჭოში უმრავლესობა მოსამართლეებს ეკუთვნის, თუმცა მასში არამოსამართლე წევრებიც შედიან. ეს, თავისთავად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ დამცველ მექანიზმადაა ჩაფიქრებული. მაგრამ, ფართოდ გავრცელებული აზრით, იუსტიციის საბჭოსაც და ზოგადად მოსამართლეთა კორპუსსაც ფაქტობრივად მართავს არაფორმალური გავლენის მქონე ჯგუფი, რომელსაც ჩვეულებრივ „კლანს“ უწოდებენ და სადაც წამყვანია ორი ფიგურა, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

როგორც ჩანს, დანარჩენი მოსამართლეები მორჩილად უჯერებენ „კლანის“ მითითებებს. ამ უკანასკნელის ძალაუფლება, თავის მხრივ, ემყარება ხელისუფლებასთან სიახლოვეს. სამაგიეროდ, კლანი უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვან საქმეებში მოსამართლეები ხელისუფლებისთვის მოსაწონ განაჩენს გამოიტანენ.

გამოვიდა, რომ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდით: მოსამართლეთა კორპუსის ფორმალური დამოუკიდებლობა – რაც თითქოს მიღწევად უნდა ჩავთვალოთ – ძალიან ართულებს „კლანის“ გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი წევრებიც და მითითებების მორჩილი მოსამართლეებიც უვადოდ არიან გამწესებული – მათ ვეღარ დაითხოვ.

ზოგ პოლიტიკოსს და აქტივისტს იმედი აქვს, რომ სახელგატეხილი მოსამართლეები ისე შეიძლება შეარცხვინო, რომ თავად გადადგნენ – მაგრამ ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. რაც არ უნდა იყოს, „კლანი,“ პირადად კი ბატონები ჩინჩალაძე და მურუსიძე, დღეს საქართველოში ყველაზე უფრო დემონიზებული პიროვნებები გახდნენ, როგორც ძირითადი წინაღობა სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე. „

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარტო დარჩნენ, ვინც ამ კონსენსუსს არ იზიარებს. მიზეზი გასაგებია: დღევანდელი მდგომარეობით, სისტემა უზრუნველყოფს სასამართლოზე მათ კონტროლს.

ძველები და ახლები

მაგრამ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების მთავარი მიზეზი? სრული საფუძველი გვაქვს, სკეპტიკურები ვიყოთ. მეამბოხეების აზრით, „კლანი“ ცუდია, იმიტომ რომ მისი წევრები წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დანიშნეს და სანამ ის სათავეში რჩებოდა, მის დაკვეთებს ასრულებინებდნენ.

ნამდვილად ასეა, მაგრამ დღევანდელ დისიდენტებს არასოდეს გამოუთქვამთ პროტესტი, როდესაც იგივე მოსამართლეები, „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, უკვე ნაციონალების მიმართ ახორციელებდნენ შერჩევით, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. მაგრამ თუნდაც თუ პროტესტი გავლენიანი კლანის მიმართ მხოლოდ საბაბია, ის შესანიშნავადაა შერჩეული: ისინი პოპულარული თემის ტალღაზე მოექცნენ და სასამართლო დამოუკიდებლობის დამცველებად წარმოაჩინეს თავი.

რაც შეეხება განხეთქილების ნამდვილ მიზეზს, ის საკმაოდ თვალსაჩინოა: „ოცნების“ ვეტერანებმა ვერ აიტანეს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის და მასთან დაახლოებული ჯგუფის მათზე ბატონობა. ამ ხალხს 2011-12 წლებში, როდესაც „ოცნება“ ოპოზიციაში იყო, პოლიტიკური აქტივობით თავი არ გამოუჩენია, ზოგი კი „ნაციონალების“ ხელმძღვანელობით მუშაობდა.

მაგრამ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა სწორედ მათ მიანდო პარლამენტის გაძღოლა ეკა ბესელიას მსგავსი გამოცდილი ვეტერანების ხარჯზე. ერთ-ერთმა განდგომილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, უმრავლესობის ლიდერმა 2015-16 წლებში, განაცხადა, რომ უკვე თვეების წინ გადაწყვიტა წასვლა, მოსამართლეების საქმე კი მხოლოდ ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

მეამბოხეები ჩიოდნენ, რომ მათ აზრს არავინ ეკითხებოდა, უმრავლესობა კი ფაქტობრივად შიდა ონლაინ ჩატის ანონიმური გზავნილებით იმართებოდა. მოსამართლეთა საქმემ მათ ლამაზად წასვლის შანსი მისცა.

თუმცა ფრაქცია მხოლოდ შვიდმა ადამიანმა დატოვა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობის სტილს ბევრად მეტი კრიტიკოსი ჰყავს. ბესელიას ჯგუფის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მხარდაჭერა გამოცდად იქცა: ბიძინა ივანიშვილის კარგად ცნობილი სურვილის მიუხედავად მას „ოცნების“ ჩვიდმეტმა დეპუტატმა მისცა ხმა. მეორეს მხრივ, წინააღმდეგიც მხოლოდ ჩვიდმეტი დეპუტატი წავიდა: ასეთი პოზიცია „კლანის“ მხარდაჭერად აღიქმებოდა და უარღესად არაპოპულარული იყო.

„ოცნების“ დეპუტატთა უმრავლესობამ საერთოდ აარიდა თავი კენჭისყრას. კანონპროექტის დამარცხების მიუხედავად, ასეთი შედეგი ივანიშვილისთვის მტკივნეული ფსიქოლოგიური მარცხია: ამ ეპიზოდში ის საკუთარ პარტიას ვეღარ მართავდა.

რისი იმედი აქვთ მეამბოხეებს?

ივანიშვილს რა უნდა, ცხადია: ესაა დისციპლინებული გუნდი, რომელიც მის სურვილებს შეასრულებს. მაგრამ განდგომილები რა თამაშს თამაშობენ? ისინი უმრავლესობაში აღარ არიან, მაგრამ მაინც თავს იკავებენ იმ პარტიის ლიდერის კრიტიკისგან, საიდანაც წამოვიდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ სწორად შენიშნა, რომ ისინი გადავიდნენ არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ ირაკლი კობახიძის ოპოზიციაში.

როგორც მათი რიტორიკიდან ჩანს, მათ იმედი ბოლომდე არ დაუკარგავთ: ივანიშვილი შეცდა, როდესაც ფსონი კობახიძეზე დადო, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება მისი დარწმუნება, რომ ნათელ მხარეზე გადმოვიდეს. ისინი ბიძინა ივანიშვილს კი არ ებრძვიან, არამედ მისთვის იბრძვიან.

როდესაც ივანიშვილმა მოულოდნელად დააბრუნა მისი ყოფილი, 2013-15 წლების პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამჯერად პოლიტიკური მდივნის რანგში, „ძველებს“ იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ. ღარიბაშვილს არასოდეს აუხსნია თავისი გადადგომის მიზეზები (სავარაუდოდ, ივანიშვილის მოთხოვნით) და მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ვეტერანები (პარტიიდან წასულებიც და დარჩენილებიც) ერთხმად მიესალმნენ მის დაბრუნებას. ისინი ელიან, რომ ღარიბაშვილი საძულველი ირაკლი კობახიძის ჩასანაცვლებლად მოვიდა. მაგრამ ასეა? თავის პირველ გამოსვლებში ღარიბაშვილი ძირითადად ივანიშვილის მიმართ პირადი ერთგულების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა და გაკიცხა ეკა ბესელია და მისი ჯგუფი, რომელიც, მისი აზრით, მტრის (ნაციონალების) თამაშს თამაშობს.

ზუსტად ვერავინ იტყვის, რისთვის დაიბრუნა ივანიშვილმა დავიწყებული თანაშემწე. შეიძლება, მან გაქცევაზე მოფიქრალი „ოცნების“ სხვა წევრები შეაჩეროს. მაგრამ ძალიან საეჭვოა, ის მოსამართლეთა ყბადაღებულ „კლანს“ დაუპირისპირდეს: რატომ უნდა დასაჯო ადამიანები შენივე მორჩილებისთვის? და საერთოდაც, რამდენად ენდობა ივანიშვილი თავის ყოფილ ვეზირს, რომელიც სამი წლის წინ თვითონვე დაითხოვა?

ღარიბაშვილის დაბრუნება უფრო ჰგავს სასოწარკვეთის ჟესტს ლიდერისა, რომელიც განსაცდელშია, მაგრამ ახალი სვლების მოფიქრება უჭირს. ამან შეიძლება დროებით დააშოშმინოს ზოგი მისი მოყოყმანე მომხრე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გააძლიერებს რწმენას მისი, როგორც ლიდერის მიმართ.

გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე

 

 

 


ასევე წაიკითხეთ