ბროუდერი ევროკავშირს მოუწოდებს, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ
ბროუდერი ევროკავშირს სააკაშვილზე მიმართავს
მაგნიტსკის აქტის ავტორი ბილ ბროუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, ვინც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არიან პასუხისმგებლები. ამის შესახებ ბროუდერმა POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ცნობილი ფინანსისტი აღნიშნავს, დროა, ევროკავშირმა გააფართოოს სანქცირებულთა სია და მოიცვას საქართველოში ის ადამიანები, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევენ. მისივე თქმით, თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
“ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება ის [სააკაშვილი] მოკვდება.
მაგნიტსკის სანქციები არაა რუსული სანქციები. ეს გლობალურია… შეეხება მსოფლიოს. და თუ ვიღაც არღვევს ადამიანის უფლებებს, თუ ვიღაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს – რაც ვფიქრობ, მის [სააკაშვილის] შემთხვევაში ნათელია – მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს“ – განაცხადა ბროუდერმა სააკაშვილზე.
● მაგნიტსკის აქტის ავტორი: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის უკან ვლადიმირ პუტინი დგას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● მაგნიტსკის აქტის ავტორი: სააკაშვილი ჩვენ თვალწინ კვდება – ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
“მაგნიტსკი აქტის” ავტორმა ბილ ბროუდერმა გასული წლის 24 დეკემბერს ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და “ის ჩვენ თვალწინ კვდება.” მისი თქმით, თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას “მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს”.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.
ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ასევე, ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, “მაგნიტსკის აქტის” ქართული ანალოგი უკვე მზადაა და მასში დაახლოებით ოცი ადამიანი შევა, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.
11 იანვარს ბროუდერმა ტელეკომპანია “ტვ პირველთან” ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. “მაგნიტსკის აქტის” ავტორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დგას, რომელსაც სააკაშვილზე შურისძიება სურს, რადგან საქართველოს ექსპრეზიდენტი 2008 წელს წინ აღუდგა პუტინს, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში.
რა არის “მაგნიტსკის აქტი”
37 წლის სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი და ადვოკატი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. მაგნიტსკი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავების გამო 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში მოკლეს.
მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.
ხოლო 2016 წლის განახლებული ვერსიის საფუძველზე, მაგნიტსკის აქტის მეშვეობით აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს – გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.