დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი განიხილა
ლორდთა პალატამ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი განიხილა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს. პალატის წევრის, ბარონ რიჩარდ ჰარისის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მარტო ერთი კონკრეტული პირის უფლებების დარღვევაზე არ მეტყველებს და მის მკურნალობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მთელი ქვეყნის მომავალზე აისახება.
ლორდთა პალატამ განიხილა ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც და აღინიშნა, რომ ლორდთა პალატა თვალყურს ადევნებს აღნიშნულ საქმეს და ლონდონი მის მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.
ლორდთა პალატაში საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. ლორდ ზაკ გოლდსმიტის თქმით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას და მის დესტაბილიზაციას. მისი თქმით, რუსეთი ამისათვის ნაცნობ მეთოდებს იყენებს. შეხვედრაზე საქართველოში არსებული მდგომარეობა პოტენციურ საფრთხედ იქნა აღიარებული, ვინაიდან პუტინმა შესაძლოა უკრაინაში ომს წააგოს, მაგრამ ის სხვა რეგიონებში ეცდება კონტროლის მოპოვებას.
შეხვედრაზე გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელიც: ლორდთა პალატის არაერთი წევრის თქმით, საქართველოში არის ოლიგარქის პრობლემა, რომელსაც შესაძლო კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყნის არაერთ ინსტიტუციაზე ფლობს კონტროლს.
ლორდთა პალატის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და კურსიდან გადახვევის შემთხვევაში, მათ საქართველოს მთავრობას პოტენციური დანაკარგები შეახსენეს.
● რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ასევე, პარტია იწყებს ქუჩის აქციებს და აქციებს მმართველი პარტიის წევრების სახლებთან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განაჩენზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან იგი კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული. მისივე განმარტებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ქართველ “ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი.”
რაც შეეხება ნიკა გვარამიას. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, ხოლო 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო.
გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა Amnesty International-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარი სტრუტერსიც. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.