ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
30 მარტის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 18 გამოჯანმრთელდა. მათგან 2 ბავშვია.
კორონავირუსით დაინფიცირების ბოლო 7 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ამჟამად იმ ადამიანების სიას ადგენენ, ვისთანაც ინფიცირებულს ახლო კონტაქტები ჰქონდა.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი გალში მცხოვრები 50 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა.
ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს. მას ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ტესტის პასუხი დღის ბოლოს იქნება მზად.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო 29 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც.