საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში
გაზიარება
გაზიარება
3+3 ფორმატის შეხვედრა
საქართველო თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს აქამდეც არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის არც ერთ შეხვედრაში.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,-აღნიშნავენ უწყებაში.
3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს, ორშაბათს, თეირანში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
რას ნიშნავს 3+3
სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ ანუ “3+3”-ის იდეა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსეკუთვნის.
ინიციატივით 2020 წელს შეიქმნა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.
კავკასიის რეგიონის ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეით ერდოღანი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ გამოვიდა.
იდეის თანახმად, ფორმატში თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა – როგორც ეროღანი ამბობს – რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.
თურქეთის ამ ინიციატივას პოზიტიურად ეხმაურება კრემლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ჩართვას ამ ინიციატივაში. 2023 წლის მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს შეუერთდეს თუ არა 3+3 ფორმატს. ლავროვის ამ განცხადებამ დიდი ხმაური გამოიწვია პროდასავლურად განწყობილი ქართული პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის რიგებში, რადგან ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ჩართვას ანტიდასავლურ პლატფორმებში.
თავდაპირველად, ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ საქართველომ “რაღაც ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ფორმატში, რათა რეგიონში ქვეყანამ ფუნქცია არ დაკარგოს”.
თუმცა, ამ ეტაპამდე ოფიციალურ თბილისს არ მიუღიამონაწილეობა ამ ფორმატის შეხვედრებში.