დავით ზალკალიანი: 3+3 ფორმატში საქართველომ რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 3+3 ფორმატში საქართველომ რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა რთული იქნება.
3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა.
ფორმატი გულისხმობს ექვსი ერის პლატფორმის შექმნას, რომელშიც მონაწილეობა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებებმა უნდა მიიღონ, რათა – როგორც ეროღანი ამბობს – რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.
აქამდე, ქართული მხარე უარს ამბობდა 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე. თუმცა ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს.
თურქეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.
“არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, სომხეთის ჩათვლით, ასევე მთელი მსოფლიო, მოგებული დარჩება კავკასიაში მშვიდობისა და სიწყნარის არსებობით”, – თქვა ერდოღანმა.
● ერთი წელი ყარაბაღის მეორე ომიდან – მთავარი მოვლენები ერთ ვიდეოში
● სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაცია: პერსპექტივები და საფრთხეები
● ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის აზერბაიჯანთან მოლაპარაკების პროცესი განაახლოს
“არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც, როგორც სომხეთმა, როგორც აზერბაიჯანმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ. ძალიან რთულია ამ ფორმატში დაჯდე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრო
თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ესეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია”, – ამბობს ზალკალიანი.