2616 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 26 პაციენტი - საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღაში შედის
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 26 პაციენტი. ეს არის გასული წლის დეკემბრის შემდეგ კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
დღეს ციციშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული მეორე ჩვილიც, რომელსაც დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული. სულ ამ დროისთვის საავადმყოფოებში სამასამდე ბავშვი გადის მკურნალობას.
კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს ციფრები საგანგაშოა.
“საგანგაშო ციფრებია უკვე. იცით, რომ დღეს 2600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, თუკი საზოგადოება გვერდში არ დაგვიდგება ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ძალიან გაგვიჭირდება მარტო მთავრობას, რომ უზრუნველვყოთ მაღალი ტემპები ვაქცინაციის, დღეში მინიმუმ 20-30 ათასი ადამიანის ვაქცინაცია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ შეგვეშალოს ხელი ეკონომიკის აღდგენაში. ჩვენ ვაქცინები უზრუნველვყავით საკმარისი რაოდენობით. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს შეუფერხებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ უგულებელყოს ეს შესაძლებლობა, რომ დაიცვას თავი, თავისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, ვისაც დელტა შტამი ძალიან ერჩის და ჩაიტაროს ვაქცინაცია”, – ამბობს თურნავა.
იგივე თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმაც. მისი განმარტებით, მზარდია კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი, რაც საგანგაშო ტენდენციაა:
“გვინდა, ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების და გვინდა, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული. მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ მთავრობას, გთხოვთ აიცერით”.
ღარიბაშვილმა ისაუბრა ვაქცინაციაზეც და განაცხადა, რომ საქართველომ ჩამოიტანა იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო.
“შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა ჩამოვიდა უკვე ორი კვირის წინ. ფაიზერის მილიონი დოზის ჩამოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. ასევე, დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობიდან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი დოზა სინოვაკი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
____________________________________________________________
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ
_____________________________________________________________
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ნელი ტემპით მიმდინარეობს. 20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.