1236 ტურისტი და თვითმფრინავის 14 რეისი. საქართველოში ტურიზმი თითქმის გაჩერებულია - ციფრები
ყველაზე ცხელ ტურისტულ სეზონზე – 22 ივლისიდან 15 აგვისტომდე საქართველოში 2200 ადამიანი შემოვიდა, მათგან 1236 უცხოელი ტურისტი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უცხოელი ტურისტების ეს რაოდენობა მინიმალურია, თუმცა, ზრდის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.
• PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
• საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს მთავრობა 2 ალტერნატივას სთავაზობს: 2-კვირიანი კარანტინი ან PCR-ტესტირება
22 ივლისიდან 15 აგვისტომდე სულ 14 რეისი შესრულდა.
ქვრივიშვილის განცხადებით, თბილისის აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი ტესტირება და დღემდე ჩამოსულ მგზავრებს შორის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
2 აგვისტოდან საქართველომ რეგულარული ავიამიმოსვლა განაახლა გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან. კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველომ უპირობოდ გაუხსნა – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში კრანტინის გავლა არ სჭირდებათ.
12- დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მიუნხენი-თბილისის, პარიზი-თბილისის და რიგა-თბილისის რეისებს ავიაკომპანიები: Lufthansa-ი, AirFrance-ი და airBaltic-ი ასრულებენ.
სხვა მიმართულებებით რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებულია 1-ელ ოქტომბრამდე.