138-მა სომეხმა ადვოკატმა გაფიცვა გამოაცხადა
სომეხი ადვოკატების ჯგუფმა „უკანონო ჩხრეკისა და დათვალიერების“ წინააღმდეგ გაფიცვა გამოაცხადა. მოცემულ მომენტში საპროტესტო აქციას 138 ადვოკატი შეუერთდა.
უკვე რამდენიმე თვეა, ადვოკატები განგაშს ტეხენ იმის თაობაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სასამართლოებში მათ ჩხრეკენ.
ადვოკატმა არმინე ფანიანმა განაცხადა, რომ საგანგებო სამძებრო სამსახურში მისი ჩანთის გაჩხრეკას შეეცადნენ. „მოითხოვდნენ, რომ ჩანთა გამეხსნა. უარი განვაცხადე, ვუთხარი, რომ ჩხრეკის გავლას არ ვაპირებდი, რადგან კანონი ამას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა მან.
სხვა ადვოკატ ლუსინე სააკიანი ამბობს: „წინათ იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ ვინმეს ადვოკატისთვის ჩანთის გახსნა მოეთხოვა“.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი მათი პროფესიის, ავტორიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
სასმართლოებში ჩხრეკის პირველ შემთხვევებზე ჯგუფ „სასნა ცრერის“ ადვოკატებმა მაშინ განაცხადეს, როგორც კი ამ საქმის გარშემო სასამართლო პროცესი დაიწყო.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩხრეკენ იმ ადვოკატებს, რომლებიც ცნობილი, გახმაურებული საქმეებით არიან დაკავებულები, რადგან ჩხრეკები „სასნა ცრერის“ საქმეზე პირველი სასამართლოს ხდომის დროს – ამ ჯგუფის დამცველების გაჩხრეკით დაიწყო.
თუმცა, ადვოკატთა პალატის თავმჯდომარე არა ზოგრაბიანი მიიჩნევს, რომ იმ პროცედურას, რომელსაც ადვოკატები გადიან, არ შეიძლება ჩხრეკა დაერქვას. მან განაცხადა, რომ ეს „ჩხრეკა კი არ არის, არამედ დათვალიერებაა, და განსხვავება ისაა, რომ დათვალიერების დროს დამთვალიერებელ პირს დამოუკიდებლად არ შეუძლია ძებნის ჩატარება, ანუ – არ შეუძლია ჩანთის გახსნა, ჯიბეებში ხელის ჩაყოფა. როგორც კი ასე მოიქცევა, ეს უკვე ჩხრეკა იქნება“.
ზოგრაბიანის აზრით, თუკი ადვოკატი ჩანთას ხსნის და მის შიგთავსს აჩვენებს, ეს „დათვალიერების“ ცნებაში თავსდება, და ის ირწმუნება, რომ სასამართლო კოდექსის თანახმად, ადვოკატების დათვალიერება შეიძლება.