საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს - NDI
პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საქართველოში კვლავ დაბალია. მოსახლეობის აზრი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით კი გაყოფილია. მოქალაქეთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, მეორე ნახევარი კი ფიქრობს, რომ – არა.
ეს მონაცემები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევისას გამოიკვეთა. დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილი დღეს 15 მაისს გამოქვეყნდა.
მოსახლეობის 42 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია არ არის ახლოს. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” გასულ წელთან შედარებით ნაკლები, ამომრჩეველთა 29 პროცენტი უჭერს მხარს, როდესაც 2016 წლის ნოემბერში მათი მხარდამჭერი 40 პროცენტი იყო. 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს” – 4 და “ლეიბორისტულ პარტიას” – 3. სხვა პარტიებმა კვლევის ცდომილების 3-პროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აზრი ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით გაყოფილია, უმრავლესობა (72 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი 69 პროცენტი, თუმცა საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი იმის თაობაზეც, ახორციელებს თუ არა არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მოსაზრებას 50 პროცენტი ეთანხმება, 48 პროცენტი კი – არა.
რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერებისა და სამინისტროების საქმიანობას, მოქალაქეთა დიდი ნაწილი – საშუალოდ აფასებს. მათი საქმიანობის პოზიტიური შეფასების მაჩვენებელი დაბალია. თუმცა ყველაზე დადებითად მაინც პრეზიდენტის (27 პროცენტი) და პრემიერმინისტრის (25 პროცენტი) საქმიანობაა შეფასებული.
ჯანდაცვის, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს ყველაზე დადებითი შეფასებები აქვთ, ხოლო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს – ყველაზე უარყოფითი. რაც შეეხება დანარჩენ ინსტიტუტებს, მოსახლეობა ყველაზე დადებითად – ეკლესიის, იუსტიციის სახლებისა და საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს, ყველაზე უარყოფითად კი – თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის საქმიანობას. მიუხედავად დადებითი შეფასებისა, საკმაოდ დაეცა ეკლესიის იმიჯი საზოგადოებაში. 2017 წლის აპრილის გამოკითხვის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობა ძალიან კარგად მხოლოდ 14-მა პროცენტმა შეაფასა, როცა 2016 წლის გამოკითხვებით ეს მაჩვენებელი 32 პროცენტი იყო, 2015 წელს კი – 43.
“კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობა განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ არის განწყობილი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისადმი. ამომრჩეველთა უმრავლესობა კვლავაც არ ემხრობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა, – “საყურადღებოა, რომ მოსახლეობა ყველაზე ნეგატიურად იმ საკითხებზე პასუხისმგებელ სამინისტროებს აფასებს, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს; ესენია: ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ”
მოქალაქეთა უმრავლესობას სურს პრეზიდენტი პირდაპირი წესით, თავად მოქალაქეებმა აირჩიონ
კვლევაში 2 კითხვა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო. არსებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი წესით, მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევა კი გაუქმდება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამ ცვლილებებს არ ეთანხმება.
მოსახლეობის 84 პროცენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ. ამ მოსაზრებას “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უმრავლესობაც ეთანხმება. ამას გარდა, მოსახლეობის თითქმის ნახევარს მაჟორიტარების არჩევა კვლავაც სურს. მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტი უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.