ცნობილ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებზე - არიფ და ლეილა იუნუსებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ 17 მაისს არიფ და ლეილა იუნუსების მომავალ სხდომაზე იძულებით მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორი ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე, კონფლიქტოლოგი და ისტორიკოსი არიფ იუნუსი 2014 წელს ათობით ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის დევნის კამპანიის ფარგლებში დააპატიმრეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი პროტესტის შემდეგ 2015 წლის დეკემბერში პატიმრობის რელური ვადა პირობითი სასჯელით შეიცვალა და ისინი ციხიდან გამოვიდნენ. 2016 წლის აპრილში ცოლ-ქმარს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების ნება დართეს.
თავად იუნუსებმა სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს და აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს მიერ მათი საჩივარი არაერთხელ გადაიდო. საბოლოოდ, 27 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა.
საქმის ხელახალი განხილვა 19 აპრილს დაიწყო, და სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობით, სასამართლომ ხელახალი ძიების ჩატარების გადაწყვეტილებ მიიღო. პროკურორი დაჟინებით ითხოვდა სხდომაზე იუნუსების წყვილის პირადად დასწრებას.
17 მაისის სხდომაზე იუნუსების ადვოკატმა ელჩინ სალდიგოვმა მათი ინერნეტით დაკითხვის შესახებ დააყენა შუამდგომლობა, რადგან ისინი საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფებიან. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 12:00 31- მაისს დანიშნულ მომავალ სასამართლო სხდომაზე წყვილის იძულებით მიყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიციას მეუღლეების მიყვანის უზრუნველყოფას დაავალებენ, შემდეგი ნაბიჯი კი მათზე ძებნის გამოცხადება იქნება, – თქვა ადვოკატმა, და სასამართლოს მიერ იძულებით მიყვანის გადაწყვეტილებას არამართლზომიერი უწოდა.
მან განმარტა, რომ იუნუსების წყვილის მიმართ სააპელაციო საჩივარი ან პროტესტი არ არსებობდა და განმეორებითი სასამართლოს ჩატარება საფუძველს მოკლებულია.
“როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესახებ იმთავითვე ისახავდა მიზნად მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას”, – უთხრა სალდიგოვმა სააგენტო “ტურანს”.