დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის მიერ ფიცის დადების ცერემონია პირველად შედგა. მთავრობის წევრებმა ფიცი დადეს, რომ თავიანთ მოვალეობებს კეთილსინდისიერად შეასრულებენ.
ფიცის დადების ცერემონია სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩატარდა. ფიცი პირველმა დადო პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, შემდეგ კი – მთავრობის სხვა წევრებმა.
ცერემონიას „მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს. ფიცის ტექსტი ასევე კანონშია წარმოდგენილი:
„საერთო სახალხო მიზნის განხორციელებისა და სამშობლოს გაძლიერებისთვის, ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევასრულო ხალხის წინაშე ჩემი ვალდებულებები, დავიცვა სომხეთის კონსტიტუცია და კანონები, ხელის შევუწყო სომხეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების დაცვას, მთავრობის წევრის მაღალი წოდების ერთგული დავრჩე“.
პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლამდე მთავრობის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ფიცის დადების იდეის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
„ეს გავალდებულებს, და რაც მეტია ვალდებულება, მით უკეთესი“, – მიაჩნია შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს მანე თანდილიანს.
საგანგებო სიტუაციების მინისტრი გრაჩია როსტომიანი კი ფიქრობს, რომ პირადი პასუხისმგებლობა ფიცზე მნიშვნელოვანია.