სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყარაბაღში მშვიდობის დამყარებას ალტერნატივა არ გააჩნია"
“ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები მშვიდობიანი მოგვარებისკენ უნდა მიისწრაფოდნენ, ხოლო რეგიონში მშვიდობის ალტერნატივას ომი წარმოადგენს” – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოგრაბ მნაცკანიანმა განაცხადა.
არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა?
საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოგრაბ მნაცკანიანს მიაჩნია, რომ მშვიდობისთვის მზადება რამდენიმე გზას გულისხმობს, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რომელია ეს გზები. მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მკაფიო ფორმულა ჯერ არ არსებობს, მაგრამ მისი გადაჭრის სხვა გზაც არ არის:
„მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მისი ალტერნატივა – კატასტროფაა“.
2018 წლის 16 იანვარს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ცნობა ორი ხალხის მშვიდობისთვის მზადების აუცილებლობის თაობაზე. მნაცკანიანმა დღეს გაიხსენა, რომ ეს ახალი თეზისი არ არის:
„გაეროს ყოველთვის ასეთი პოზიცია ჰქონდა, რომ ამ პროცესისთვის ხელი შეეწყო. მე ამას მაღალ შეფასებას ვაძლევ“.
• აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე იმსჯელეს
არავითარი ფარული შეთანხმება არ არსებობს
ზოგრაბ მნაცკანიანმა კომენტარი გააკეთა ასევე სომხეთის საზოგადოებაში გავრცელებული იმ ხმების შესახებ, თითქოს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმება მზადდება. ის ირწმუნება, რომ არ არსებობს რაიმე ფარული შეთანხმება, და საზოგადოებას მოუწოდა, რომ პანიკას არ აჰყვეს.
„არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც თქვენ არ იცით. დიალოგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს. მაოცებს საზოგადოებაში მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს ჩვენ რაიმე დავკარგეთ ან დავთმეთ. საიდან ასეთი განწყობები? მსგავსი არაფერი ხდება, და არც ჩვენი პოზიციიდან მომხდარა რაიმე უკან დახევა. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, და საზოგადოებას არ ვაუწყებთ“.